ვარშავაში, საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა 22-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
ვარშავაში, საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა 22-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საერთაშორისო გამოფენაში Ferment (Warsaw Wine Experience 2019), ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 22 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენას პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ილია დარჩიაშვილი დაესწრო.

„ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთში უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ქვეყანა ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ წარმოადგენს და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რაც 18 პროცენტით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

Warsaw Wine Experience პირველად გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე მწარმოებელი იყო წარმოდგენილი. ქართული ღვინო პოლონეთში დიდი მოწონებით სარგებლობს და შესაბამისად, გამოფენაზე მოსული სტუმრების მხრიდან ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციით დაინტერესება დიდი იყო.