ვარშავაში, პოლონეთის პარლამენტთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთავრობის ინიციატივის გასაპროტესტებლად, რომლის თანახმადაც სასამართლო რეფორმის ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანისთვის მოსამართლე შესაძლოა, თანამდებობიდან გათავისუფლდეს.
კანონპროექტის განხილვა პოლონეთის პარლამენტში დღეს, 19 დეკემბერს იგეგმება. მმართველი პარტიის ინიციატივით, მოსამართლეს გათავისუფლება ან ჯარიმა ემუქრება, თუ ის ეჭვს გამოთქვამს ეროვნული იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების დანიშვნის კანონიერებასთან დაკავშირებით.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ანტისამთავრობო ლოზუნგებიანი პლაკატები, ასევე პოლონეთისა და ევროკავშირის დროშები ეკავათ ხელში.
ოქტომბერში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ სასამართლო რეფორმის გაგრძელების შესახებ განაცხადა, რითაც პოლონეთსა და ევროკავშირს შორის განხეთქილება კიდევ უფრო გაამწვავა. ბრიუსელში აცხადებენ, რომ სასამართლო რეფორმა ევროკავშირის კანონმდებლობასა და პოლონეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
პოლონეთის უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ ეს წინადადებები ევროკავშირის მოქმედ კანონმდებლობას არ შეესაბამება და მოსამართლეების დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს.
„პოლონეთისა და ევროკავშირის კანონმდებლობების შეუსაბამობის გამო, პოლონეთს შესაძლოა, ევროკავშირის დატოვებაც კი მოუწიოს“, – აცხადებენ უზენაეს სასამართლოში.