ვარნაში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა და თურქეთმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს
ვარნაში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა და თურქეთმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს

ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა და თურქეთმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„თუ მეკითხებით, მივაღწიეთ თუ არა კომპრომისებს და ვიპოვეთ თუ არა გადაწყვეტილებები, ჩემი პასუხია – არა“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ შეშფოთებულია თურქეთში კანონის უზენაესობის მხრივ შექმნილი მდგომარეობით.

„ჩვენ ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ. ეს იყო გრძელი სია“, – განაცხადა ტუსკმა.

სამიტზე საუბარი შეეხო თურქეთში ევროკავშირის მოქალაქეების დაკავებას, აფრინში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებსა და თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების მიერ კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში ზღვაში მდებარე გაზის საბადოებზე მიმდინარე სამუშაოების ბლოკირებას.

ევროკავშირმა ანკარას ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ვარნაში გამართულ შეხვედრამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა ანკარას მიზნად რჩება. ამავე დროს, მან ბრიუსელი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.

ვარნაში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრში ასამდე ადამიანი შეიკრიბა ტრანსპარანტებით – „შეაჩერეთ ერდოღანი“, „ევროპაში დიქტატორების ადგილი არ არის“.

 

დატოვე კომენტარი