ვარლამ ლიპარტელიანი - ყველა იმის იმედით ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები 2021 წელს მაინც ჩატარდება
გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი სტუმრობდა.
თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქართველმა ძიუდოისტმა კარანტინის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიში არც სახლის პირობებში შეუწყვეტავს, მაგრამ ოპტიმალურ კონდიციაში მოსასვლელად, რა თქმა უნდა, დაბრბაზში სრული დატვირთვით მომზადება აუცილებელია. ვარლამ ლიპარტელიანი ამბობს, რომ ახლა დარბაზები გაიხსნა, თუმცა მთელი გუნდს საერთო ვარჯიშის გამართვის უფლება ჯერ არ აქვს.
ქართველმა ძიუდოისტმა ტოკიოს გადადებული ოლიმპიადის შესახებაც ისაუბრა. ვარლამ ლიპარტელიანს იმედი აქვს, რომ დიდი ტურნირების ორგანიზატორები მოახერხებენ, შეცვლილი გრაფიკი გადატვირთული არ იყოს და ყველა სპორტსმენს თავის გამოჩენის სათანადო პირობები ექნება.
„ჩემთვის ერთადერთი დადებითი მხარე ოლიმპიადის გადადებას ის ჰქონდა, რომ ხელის ტრავმა მაწუხებდა და ტურნირს ოპტიმალურ ფორმაში ვერ შევხვდებოდი, მაგრამ საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, არ არის კარგი და ყველა იმის იმედით ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები 2021 წელს მაინც ჩატარდება, სადაც სპორტის ხვადასხვა სახეობიდან უამრავი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მე მინდა, რომ ყველას წარმატება ვუსურვო და ხელი არავინ არ უნდა ჩაიქნიოს“.