ვარკეთილში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ვარკეთილში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვარკეთილში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. დეზინფექცია ასევე უტარდება ავტობუსების გაჩერებებსა და მეტროს ჩასასვლელ-ამოსასვლელებს.

სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თბილისის მერი კახა კალაძე.

როგორც კახა კალაძემ ფეისბუქლაივის დროს აღნიშნა, თბილისის მერია სადეზინფექციო საშუალებებით ყველა იმ ქუჩას ამუშავებს, სადაც ავტობუსების გაჩერებები და მეტროს ჩასასვლელ-ამოსასვლელებია. მისივე თქმით, ასევე ყოველდღიურად მუშავდება ავტობუსები​, მეტროსადგურები და მეტროს ვაგონები.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია ითვალისწინებს დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს. თბილისის მერმა მოქალაქეებსაც რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„მჯერა, რომ თუ სწორად მოვიქცევით, თუ გავითვალისწინებთ რჩევებს, ძალიან მალე აუცილებლად იქნება გამარჯვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ სადეზინფექციო ხსნარები, რომლითაც ქუჩებისა და ტრანსპორტის დეზინფექცია ხდება, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

მოქალაქეებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა. მისი თქმით, დეზინფექცია უტარდება ყველა ისეთ ადგილს, რომელიც ვირუსის გავრცელების პოტენციური კერა შეიძლება, იყოს.