ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი - ვანუატუს პოზიცია ერთია, ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი - ვანუატუს პოზიცია ერთია, ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ვანუატუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის მინისტრმა რალფ რეგენვანუმ განაცხადა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან დღეს ჩავიდა.

ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო-ვანუატუს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

„მთავარი მიზანია, გავეცნოთ საქართველოში არსებულ ვითარებას, გავამყაროთ ურთიერთობები და დავსახოთ ერთად მუშაობის სამომავლო გეგმები. ჩემი ვიზიტი ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს ძალიან სასარგებლოა, რომ უკეთ გავიგოთ, რა ხდება და ეს ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას. იმისთვის, რომ სრულფასოვნად ვისაუბროთ საერთაშორისო დონეზე, უფრო მეტად უნდა ვიყოთ ინფორმირებული.

ჩემს ქვეყანაში ჯერ კიდევ არის დარჩენილი კოლონიები და ეს საკითხი ძალიან კარგად გვესმის. ბევრი მსგავსებაა ჩვენს ქვეყნებს შორის. საჭიროა დიდი ძალისხმევა მოლაპარაკებისთვის და პრობლემის მოგვარებისთვის. ვანუატუს პოზიცია ერთია, ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს იყო მხოლოდ ერთი მინისტრი, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა. მისი პოზიცია არ გამოხატავს ჩვენი ქვეყნის პოზიციას და ეს დავადასტურეთ ჩვენი ურთიერთობით საქართველოსთან“, – განაცხადა რალფ რეგენვანუმ.

ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის მინისტრ რალფ რეგენვანუს საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება გააცნეს.

ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 14 მარტს რალფ რეგენვანუ შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრ დავით ზალკალიანსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2011 წელს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვანუატუმ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. გაერო-ში ვანუატუს ელჩმა კი განაცხადა, რომ ვანუატუს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ელჩმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაცია უარყო.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ვანუატუს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან რალფ რეგენვანუსთან. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და ვანუატუს შორის ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაერო-ს ფარგლებში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვანუატუს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისთვის, რომლის საფუძველზეც ვანუატუმ გაიწვია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარება.

დატოვე კომენტარი