ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები სამედიცინო გამოკვლევებში უცხოელი მედიკოსების ჩართვას ითხოვენ
ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები სამედიცინო გამოკვლევებში უცხოელი მედიკოსების ჩართვას ითხოვენ

ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები სამედიცინო გამოკვლევებში უცხოელი მედიკოსების ჩართვას ითხოვენ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა დღეს ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ადვოკატები პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრსა და პენიტენციურ სამსახურს აკისრებენ.

მათი განცხადებით, ოჯახს ამ დრომდე არ აქვს სამედიცინო გამოკვლევების შედეგები და დიაგნოზი.

„იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ არსებობს, ზუსტად ამ განცხადებიდან რვა საათში მერაბიშვილი გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოში. დღემდე მერაბიშვილის დიაგნოზი დადგენილი არ არის. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი, რომ ეს ადამიანი ხუთჯერ გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკებში.

ვიცით, რომ აქვს ჰორნერის სინდრომი, მაგრამ რითია გამოწვეული ეს სინდრომი, დღემდე არ გვეუბნებიან და ვერ გვეუბნებიან. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები. როდესაც მერაბიშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავთ, არ ხდება ოჯახთან შეთანხმება. არ ვიცით, რა პროცედურები ტარდება, არ ვიცით, რაზე ხდება მისი გამოკვლევა. შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ გვაქვს მოთხოვნა, თუ ისინი ვერ ახერხებენ დასვან მერაბიშვილის დიაგნოზი, რა სჭირს ამ ადამიანს, მაშინ მოგვცენ შესაძლებლობა, რომ ჩვენ, ჩვენი მოწვეული ექიმებით მოვახერხოთ დიაგნოზის დასმა. ვთხოვთ სახალხო დამცველს, რომ იყოს მკაცრი მონიტორინგი მერაბიშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გვაქვს. „ავერსში“ გაყვანის შემდეგ  ჩვენ არ გადმოგვცემია კვლევის შედეგები და ერთი კვირაა, უკვე ვითხოვთ ამ შედეგებს”, – განაცხადა ადვოკატმა.

ყოფილი პრემიერი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისში, კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ დღეს გადაიყვანეს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ საკითხზე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მერაბიშვილი ექიმებთან ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.