ვანო მერაბიშვილი - „ორი გვამის“ ამბავი კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზაა
ვანო მერაბიშვილი - „ორი გვამის“ ამბავი კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზაა

„ორი გვამის“ ამბავი კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აღნიშნულ ვიდეოს მის წინააღმდეგ იყენებდა, მას კი არ ჰქონდა საშუალება, რომ პასუხი გაეცა, რადგან ციხეში იმყოფებოდა.

„ეს არის კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც იყო „მუხროვანის ამბოხება“. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გენშტაბის ორი რუსი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა ამ ამბოხებას ქართველ ოფიცრებთან ერთად. ჩვენი ინფორმაციით, მათ, მეამბოხეებმა, ასე ვთქვათ, მოიცილეს მტკიცებულებები გაქცევის წინ. ამას ჩაკეტილ კაბინეტში ხომ არ ვსაუბრობ? ღიად ვამბობ, იქ მონაწილეებიც არიან, სხვადასხვა წარმომადგენლები. მათ დავუტოვეთ, რომ ეპოვათ ეს მტკიცებულება. ეს არის ამოღებული კონტექსტიდან. რა თქმა უნდა, ხელისფულება ადგა და გამოიყენა ეს. მე ვიყავი საკანში, არ მქონდა პასუხის გაცემის საშუალება. ხელისუფლება კი ამას იმეორებდა და იმეორებდა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.