ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერის ან მინისტრის თანამდებობებზე დაბრუნებას არ აპირებს
ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერის ან მინისტრის თანამდებობებზე დაბრუნებას არ აპირებს

ვანო მერაბიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2012 წელს რამდენიმე თვით იკავებდა, აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობა არ მოსწონდა და უფრო კონკრეტული საქმეების კეთება იზიდავდა.

„მომწონდა, როცა ვიყავი უშიშროების საბჭოს მდივანი და ვხელმძღვანელობდი აჭარის ასლან აბაშიძისგან გათავისუფლების ოპერაციას, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და ვატარებდი პოლიციის რეფორმას, ვებრძოდი კრიმინალს“, – განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ რომელიმე თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებს, თუმცა პროცესების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იქნება.

„მე უკვე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი თანამდებობის პირი საქართველოში. არ მომინდება პრემიერობა, რადგან უკვე ვიყავი პრემიერი. შეუძლებელია, დავბრუნდე რომელიმე მინისტრის თანამდებობაზე“, – აღნიშნა ვანო მერაბშვილმა „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.