ვანო მაჭავარიანი - პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს, რადგან ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტია
ვანო მაჭავარიანი - პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს, რადგან ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტია

ვერაფერზე რომ ვერ შეჯერდნენ, ვფიქრობ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს, რადგან ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტია, რომელსაც პარლამენტი წლის განმავლობაში განიხილავს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დიალოგის რესურსი არსებობს.

მაჭავარიანის შეფასებით, ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი პანდემიიდან გამომდინარე, არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელობის, როგორც დღესაა.

აქედან გამომდინარე, მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ძალები შევიდნენ პარლამენტში და მიიღონ აქტიური მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს. არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა და ვერაფერზე შეჯერდნენ, მგონია, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს, რადგან ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტია, რომელსაც პარლამენტი წლის განმავლობაში განიხილავს. მისი აქტუალობა ისეთი მაღალია ამ პანდემიისა და კრიზისის პერიოდში, როგორც არასდროს. ღმერთმა დაიფაროს და თუ ბიუჯეტის მიღება არ ხდება ხოლმე, ერთვება ავტომატური მოდელი, ეს კარგი არ არის. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო იძენს ბიუჯეტი მნიშვნელობას, რადგან ამ ბიუჯეტზე და 2021 წლისთვის ამ სწორ განაწილებაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული, პრაქტიკულად, ადამიანების სიცოცხლიდან დაწყებული, ეს ეხება ბევრის არსებობასა და ყოფას.

არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვები და მისი დამტკიცება, ლეგიტიმაცია, როგორც ახლა და როცა ამბობენ, რომ ჩვენ ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ, მათ შორის ოპოზიციიდან ისმის, პირველ რიგში, ქვეყნის დანგრევა არ დანგრევა გადის იმაზე, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

რაც შეეხება კითხვას, „ოპოზიციაც არ გამორიცხავს დიალოგს, ოღონდ ამბობს, რომ დიალოგი უნდა იყოს მხოლოდ ვადამდელი არჩევნების საკითხზე“,  მაჭავარიანი პასუხობს, რომ ეს არა დიალოგი, არამედ ულტიმატუმია.

„ეს იგივეა, ხელისუფლებამ რომ თქვას, ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ ერთადერთი დაშვებით, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და მერე იყოს დიალოგი. ეგ ხომ დიალოგი არ არის, ეს ხომ ულტიმატუმებია. დიალოგი და ულტიმატუმი ერთმანეთს გამორიცხავს. შესაბამისად, პირობების დაყენება და მერე თქმა, დიალოგი, ცხელი თოვლივთ არის, არ გამოდის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.