ვან დეიკმა ვან ბასტენის კრიტიკას უპასუხა - ის არასოდეს არის პოზიტიური, ტელესტუდიიდან ლაპარაკი იოლია #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანმა, ვირჯილ ვან დეიკმა უპასუხა ნიდერლანდების ფეხბურთის ლეგენდის, მარკო ვან ბასტენის კრიტიკას.
ნიდერლანდებისა და ეკვადორის ნაკრებთა მატჩის (1:1) შემდეგ „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელმა ვან დეიკი გაშვებულ გოლში დაადანაშაულა.
„ლივერპულის“ მცველმა ვერ დაბლოკა პერვის ესტუპინიანის დარტყმა, რის შემდეგაც ენერ ვალენსიამ დამატებაზე ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა.
„ვან დეიკი უბრალოდ ელოდება და უყურებს მის დარტყმას. რას უყურებს? ის მეტოქეზე სწრაფი უნდა იყოს, სინამდვილეში კი მას დარტყმის საშუალებას აძლევს!“ – განაცხადა ვან ბასტენმა ნიდერლანდების ტელევიზიაში.
მანვე ვან დეიკს კაპიტნის თვისებები დაუწუნა: „ის არ იღებს ინიციატივას საკუთარ თავზე. არაფერზე ზრუნავს გუნდში. გამოსცემს ხმას, მაგრამ არაფერს ამბობს. აი, ამას აკეთებს“.
მატჩის შემდეგ ვან დეიკს ვან ბასტენის სიტყვებზე კომენტარი თხოვეს.
„ჩემი აზრით, მას არასოდეს უთქვამს რაიმე პოზიტიური. მე ამას ვერაფერს ვუშველი. ძალიან იოლია ტელესტუდიიდან ლაპარაკი.
მე ცუდი კაპიტანი ვარ? არ უნდა ვუპასუხო ამაზე? მე ყოველთვის წინა პლანზე ვარ. ვცდილობ, წინ გავუძღვე გუნდს იმდენად კარგად, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ნიდერლანდელთა კაპიტანმა.