ვალერიან გორგილაძე - აჭარის გარდა, საკადრო როტაციები სხვა რეგიონებშიც მოსალოდნელია
სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის ვარაუდით, საკადრო გადაადგილებები სხვა რეგიონებშიც მოსალოდნელია, განსაკუთრებით ეს გუბერნატორებს შეეხება.
ვალერიან გორგილაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან წასვლას აფასებს და აცხადებს, რომ ეს ლოგიკური პროცესია.
„ქვეყანაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების ფონზე, როდესაც ხდება მინისტრთა კაბინეტის ფორმირება, ეს პროცესი აბსოლუტურად ლოგიკურია, რათა პრემიერ-მინისტრმა თვითონ შეძლოს გადაწყვეტილების მიღება საკადრო გადაადგილებებსა და საკადრო რესურსის გადანაწილებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ვალერიან გორგილაძე.
მისი თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს ეკისრება და აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერს რეგიონებშიც უნდა ექვემდებარებოდეს.
„ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრს ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა და აღმასრულებელი ხელისუფლება რეგიონებშიც უნდა ექვემდებარებოდეს პრემიერ-მინისტრს. ამ თვალსაზრისით, მას სრული კარტ-ბლანში უნდა ჰქონდეს საკადრო პოლიტიკის განხორციელებაში. ამდენად, თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ჩემი აზრით, მოსალოდნელია საკადრო გადაადგილებები სხვა რეგიონებშიც და განსაკუთრებით ეს გუბერნატორებს შეეხება“, – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.