ვალერიან გორგილაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ვირტუალური სამყაროს კონსტრუირებითაა დაკავებული
ვალერიან გორგილაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ვირტუალური სამყაროს კონსტრუირებითაა დაკავებული

„ნაციონალური მოძრაობა“ ვირტუალური სამყაროს კონსტრუირებითაა დაკავებული და უნამუსობაა პარალელები, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდართან და გირგვლიანის საქმესთან თუ მედიასთან დაკავშირებით კეთდება, – ამის შესახებ სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს მკვლელობა ხელისუფლებამ ჩაიდინა. რაც შეეხება მედიას, მედიასივრცის 90% დღეს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი და ხელისუფლებას პრაქტიკულად, საკუთარი სატელევიზიო არხი არ გააჩნია. ბატონი გვარამია, რომელიც პროპაგანდისტული ტელევიზიის დირექტორია, დღეს დასახვრეტთა შავ სიებს ადგენს და წარმოიდგინეთ, ის და „ნაციონალური მოძრაობა“ რას იზამს, თუ ხელისუფლებაში მოვა“, – განაცხადა გორგილაძემ.

მისი თქმით, არსებობს დემოკრატიის განვითარების, მედიის თავისუფლების ინდექსები და ყველა ინდექსის მიხედვით, საქართველომ 2012 წლიდან დღემდე, საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადადგა.

„გამოქვეყნდა USAID-ის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო არის განვითარებადი დემოკრატიის სამყაროს ლიდერი ქვეყანა. ბატონმა ლევან სამუშიამ ბრძანა, რომ თურმე, „იმედი“ პროპაგანდისტულ ტელევიზიას წარმოადგენს და ის „რუსთავი 2“-ს შეადარა. ეს შედარება ლოგიკურია? როგორ უნდა მოახერხო და „იმედი“ და „რუსთავი 2“ თანაზომადი როგორ უნდა გახადო? ეს აბსოლუტურად ირაციონალური დისკურსია და ობიექტური შეფასების დროს აბსოლუტური უუნარობაა“, – განაცხადა გორგილაძემ.

სოციოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ საშიშია, როცა ხდება იმ ძალადობის ლეგიტიმაცია, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა და თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ვაშაძე-სააკაშვილის პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში ბრუნდება, ის ტოტალურ რეპრესიებზე ახალი ლეგიტიმაციით, ახალი კარტბლანშით ბრუნდება.