ვალერი ზალუჟნი - გამაღიზიანებელია კომენტარები, რომ უკრაინის კონტრშეტევა იმაზე ნელი ტემპით მიდის, ვიდრე ელოდნენ, ეს არაა შოუ, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, ყოველი დღე სისხლის ფასადაა მოპოვებული
ვალერი ზალუჟნი - გამაღიზიანებელია კომენტარები, რომ უკრაინის კონტრშეტევა იმაზე ნელი ტემპით მიდის, ვიდრე ელოდნენ, ეს არაა შოუ, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, ყოველი დღე სისხლის ფასადაა მოპოვებული

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ მას აღიზიანებს კომენტარები, რომ უკრაინის კონტრშეტევა იმაზე ნელი ტემპით მიდის, ვიდრე ელოდნენ. ამის შესახებ ზალუჟნიმ გავლენიან ამერიკულ გამოცემასთან, „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში თქვა.

„ეს არაა შოუ, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, რომელზეც ფსონებს დებენ ან რაღაც ამდაგვარი. ყოველი დღე, ყოველი მეტრი სისხლის ფასადაა მოპოვებული“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთარუმა.

მისივე მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები ყოველდღე მიიწევენ წინ, თუნდაც 500 მეტრით. ზალუჟნის თქმით, ის, რომ წინსვლა ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ელოდნენ, ეს არა უკრაინის არმიის, არამედ „დამკვირვებლების პრობლემაა“.

ზალუჟნიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უფრო სწრაფი წინსვლისთვის საჭიროა დასავლეთის მეტი შეიარაღება და ასევე ეფ-16-ის ტიპის თვითმფრინავები, რათა უკრაინამ ჰაერში უპირატესობა მიიღოს.

„მოდით, ასე ვთქვათ: ჩვენს დასავლეთ საზღვრებთან საპატრულო ოპერაციებში მონაწილე თვითმფრინავების რაოდენობა ორჯერ აღემატება იმ რუსული თვითმფრინავების რაოდენობას, რომლებიც ანადგურებენ უკრაინის პოზიციებს. რატომ არ შეიძლება მათი მესამედიც კი გადავიყვანოთ უკრაინაში?“ – განაცხადა ზალუჟნიმ.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ივნისში დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების რამდენიმე დასახლების გათავისუფლება არ წარმოადგენს უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევის „მთავარ მიღწევას“.

ამასთან, ივლისის თვეში რამდენიმე დასავლურ მედიასაშუალებაში გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ უკრაინის კონტრშეტევა „გრაფიკს ჩამორჩა“. ტელეკომპანია „სიენენთან” საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის კონტრშეტევის საწყისმა ეტაპმა დასავლეთის ქვეყნების იმედი ვერ გაამართლა, ხოლო რუსი სამხედროები უფრო კომპეტენტურები აღმოჩნდნენ, ვიდრე ამას მოელოდნენ.

უკრაინის ხელისუფლება და სამხედრო მეთაურები აღიარებენ, რომ სამხედროები წინ ნელა მიიწევენ, რაც, მათი თქმით, მოსალოდნელი იყო, თუმცა ისინი დარწმუნებულები არიან კონტრშეტევის წარმატებაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეტევა არ არის „ჰოლივუდის ფილმი“ და ფსონზე „ადამიანების სიცოცხლე დევს“.