ვალერი შოშიაშვილი - ცხოვრებაში ყველაზე რთული 12 საათი პროკურატურაში გავატარე, კედელი დაფარული იყო ჩემი ოჯახის წევრების სურათებით, ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე საუბრობდნენ, დასჯის რომელი მეთოდი აჯობებდა
ცხოვრებაში ყველაზე რთული 12 საათი პროკურატურის შენობაში გავატარე. ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე, რომელიც იმ დროს იყო პროკურორი, საუბრობდნენ, დასჯის რომელი მეთოდი აჯობებდა – დაეწყოთ ჩემი ოჯახის წვერების დაჭერა თუ წავსულიყავი გლდანში და მაგ დროს კომპიუტერში რთავდა იმ კადრებს, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა.
შოშიაშვილის თქმით, კახეთში ერთ-ერთი ქონება ბექა ბასილაიამ მას იძულებით შეაძენინა.
„მივდივარ ბექა ბასილაიასთან და იქ გავატარე ცხოვრებაში ყველაზე რთული 12 საათი, პროკურატურის შენობაში. ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე, რომელიც იმ დროს იყო პროკურორი, საუბრობდნენ, დასჯის რა მეთოდი უფრო აჯობებდა. მეთოდებში იგულისხმებოდა ის, რომ დაეწყოთ ჩემი ოჯახის წევრების დაჭერა და მე უფრო მარტივად ვიშოვიდი თანხას თუ არა; მეორე მეთოდი იყო ის, მე წავსულიყავი გლდანში და მაგ დროს უკვე თავისავე ოთახში, კომპიუტერში რთავდა ადამიანის ისეთ კადრებს, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა. ეს ჩემთვის ძალიან რთული საყურებელი იყო. მე პირდაპირ ვუთხარი, რა იყო ჩემგან გასაკეთებელი და რა უნდოდათ. ჩემდაუნებურად, გულუბრყვილოდ ვუთხარი, რომ ვიცოდი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი იყო, რა არის, ასე რატომ მწირავთ-მეთქი, ჩემი და მისი შვილები კლასელები არიან-მეთქი. მაშინ გაჩერდა ბექა ბასილაია. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დამტოვა ოთახში. იმავე ოთახში შემოვიდა ზურა ადეიშვილი. მეუბნება, რომ ამ სიტყვების გამო, მე უფრო დავისჯებოდი.
ოთახში, სადაც იმ 12 საათის განმავლობაში ვიყავი, მთელი კედელი დაფარული იყო ჩემი ოჯახის წევრების სურათებით. ჩემი მცირეწლოვანი შვილების, მეუღლის, დის სურათებით. ბექა ბასილაია მეუბნებოდა, რომ ქონება, რომელიც ჩვენს ოჯახს ჰქონდა შეძენილი, უნდა ყოფილიყო გადაფორმებული კონკრეტულ პიროვნებაზე.
შემდეგ 2012 წლის 17 მაისს, 10:00 საათზე მომდის შეტყობინება ბექა ბასილაიასგან, რომ კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში იმართება აუქციონი, გამოდის ქონება, რომლის საწყისი თანხა არის 100 ათასი ლარი, ბიჯის თანხა კი, 30 ათასი ლარი. შეტყობინება მოდის ბექა ბასილაიასგან, თავისი ჭკუით ყველაზე კარგი უფლებადამცველი რომ არის ახლა. შეტყობინებას მოჰყვა სატელეფონო ზარი, მეუბნება, რომ ერთ საათში აუქციონია და მიიღე მონაწილეობაო. მე ვუთხარი, სად უნდა წავიდე, არც 100 და არც 30 ათასი ლარი მაქვს, რა გინდათ, ჩემი გაგიჟება გინდათ-მეთქი? და ავდივარ პროკურატურაში. იქ მეუბნება, რომ „საქართველოს ბანკთან“ უკვე შეთანხმებულია, თვითონ ესაუბრა „საქართველოს ბანკს“. სესხი უკვე დამტკიცებულია ამ ყველაფრისთვის, რომ რაც გადასახდელი იქნება, „საქართველოს ბანკმა“ დამატებითი სესხის სახით უნდა გასცეს. მან ჩემთან ერთად აიღო ტელეფონი, რომ მეტად დავერწმუნებინე, ესაუბრა „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელს, ქეთევან გაბუნიას, უთხრა – „წინაზე რაც გესაუბრე, რომ ეს თანხა შოშიაშვილის ანგარიშზე უნდა დაჯდეს და შემდეგ გადაირიცხოს ყვარლის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე, ხომ იცით?
იმდენად ცოტა დრო იყო აუქციონამდე დარჩენილი, რომ რომც წავსულიყავი, მე ფიზიკურად ვეღარც მოვასწრებდი ჩასვლას. თვითონ მითხრა, რომ ჩემი იქ ჩასვლა საჭირო აღარ იყო. აუქციონში აბსოლუტურად არავის მიუღია მონაწილეობა. ისე ჩატარდა, რომ არ ყოფილა კონკურენტი ადამიანი. წესით მონაწილე მხოლოდ მე უნდა ვყოფილიყავი, საბუთებით მხოლოდ მე ვიყავი და მისი წარმოსახვით ყვარელში, ვითომ აუქციონზე რომ ჩავედი, ამ ქონებაზე თითქოს მე ვთქვი, რომ ეს 100 ათასი ლარი ძალიან იაფია, ავწიოთ და 700 ათას ლარზე ავიდეთ ამ თანხის გადახდაზე-მეთქი. ოქმში ასახულია, რომ ეს შენობა გაიყიდა 700 ათას ლარად“, – განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.