ვალერი ლომუაშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მნიშვნელობას დაკარგავს, თუ ნეიტრალიტეტს არ შეინარჩუნებს
ვალერი ლომუაშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მნიშვნელობას დაკარგავს, თუ ნეიტრალიტეტს არ შეინარჩუნებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მნიშვნელობას დაკარგავს, თუ ნეიტრალიტეტს არ შეინარჩუნებს, თუ იმ ძირითად ფუნქციას არ შეინარჩუნებს, რასაც ადამიანის უფლებების დაცვა ჰქვია, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატმა, ვალერი ლომუაშვილმა განაცხადა.

„თავისი არსით ეს სამსახური დამოუკიდებელია. თავის მნიშვნელობას დაკარგავს, თუ ნეიტრალიტეტს არ შეინარჩუნებს, თუ იმ ძირითად ფუნქციას არ შეინარჩუნებს, რასაც ადამიანის უფლებების დაცვა ჰქვია, თუ დამოუკიდებლობას არ შეინარჩუნებს და დემოკრატიის ამ მიმართულებას უფრო მაღალ ხარისხში არ აიყვანს. ყველანაირად ვეცდები, ჩემი არჩევის შემთხვევაში მაქსიმალურად გადავდგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც საზოგადოების მოლოდინებს გაამართლებს და ამ დამოკიდებულებას, რომელიც სამოქალაქო სექტორში არსებობს, პოზიტიური მიმართულებით შეცვლის“,- აღნიშნა ლომუაშვილმა.

ლომუაშვილმა არასამთავრობოების კრიტიკასაც უპასუხა. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ ლომუაშვილის კანდიდატურა დარღვევებით შეარჩიეს.

„ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ეს შესარჩევი კომისიის კომპეტენცია იყო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ
გასაუბრების ეტაპზე ჩემი მონოლოგის 80% სამსახურის ფუნქციონირებასთან და განვითარებასთან მიმართებაში ჩემეულ ხედვას ეხებოდა. აქედან გამომდინარე, ნათელი წარმოდგენა მაქვს და თუ ჩემი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებდა კომისიას, აუცილებლად დავიბლოკებოდი და არ მექნებოდა საშუალება, ჩემი ხედვა პარლამენტის წინაშე წარმედგინა.

კრიტერიუმები წესრიგში რომ არ მქონოდა, დარწმუნებული ვარ, ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ მომეცემოდა. თქვენ რომ ჩემი განვლილი ცხოვრების ეტაპს იცნობდეთ, ამ კითხვას ალბათ არ დამისვავდით. მე არასდროს არც ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები რაიმე სახის ტექნიკური კანდიდატი ან ვინმეს გასაყვანად შექმნილი პიროვნება, რომელიც საკითხისთვის ფორმალურადაა დაყენებული“,- განაცხადა ლომუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურების განხილვა დღეს დაიწყო. ინსპექტორის თანამდებობაზე ორი კანდიდატია შერჩეული – შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ლონდა თოლორაია და ყოფილი სამართალდამცველი ვალერი ლომუაშვილი. ისინი სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებით იყო დაკომპლექტებული, 48 კანდიდატიდან შეარჩია.

სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა პირველ ივლისს ეწურება. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს.