„ვალენსიის“ მწვრთნელი - გაგვიმართლა, რომ მამარდაშვილი გვყავს #1TVSPORT
ლა ლიგის 35-ე ტურში, „რაიო ვალეკანოსთან“ შეხვედრაში (0:0) „ვალენსიის“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კიპერმა მიმდინარე სეზონში მოედანი უგოლოდ უკვე მე-13 შეხვედრაში დატოვა. „ვალენსიის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ განაცხადა, რომ „მესტალიაზე“ მამარდაშვილის ყოფნით ამაყობენ.
„მამარდაშვილი არის მეკარე, რომელიც ძალიან გვეხმარება. ის ძალიან მაღალი დონის მეკარეა, რასაც მთელი სეზონის განმავლობაში აჩვენებს. გაგვიმართლა, რომ ის ჩვენთან თამაშობს. გიორგიმ „რაიო ვალეკანოსთან“ სამი ურთულესი დარტყმა მოიგერია.
განსაკუთრებით შთამბეჭდავად პირველი მოგერიება მომეჩვენა. მას ფანტასტიკური რეაქცია ჰქონდა. მის დონეს მთელი სეზონის განმავლობაში ვაფასებდით. ჩემთვის მნიშვნელოვანია მიზნების მიღწევა. მამარდაშვილი მთელი სეზონის განმავლობაში ამაში გვეხმარებოდა“, – განაცხადა „ვალენსიის“ მთავარმა მწვრთნელმა.