„ვალენსიამ“ წააგო, მამარდაშვილი მაინც გამორჩეული იყო #1TVSPORT
„ვალენსიამ“ წააგო, მამარდაშვილი მაინც გამორჩეული იყო #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც „ვალენსიასთვის“ წარუმატებელი გამოდგა. გუნდი მე-5 ტურში „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.

მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად, მე-5 წუთზე გახსნეს. სტუმართა კარი ისი პალაზონმა აიღო. მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, გოლებში კი მას ბრალი ნამდვილად არ მიუძღოდა. ორიოდე ეპიზოდში კარგად რომ არ ეთამაშა, „ვალენსია“ უფრო დიდი ანგარიშითაც წააგებდა. მე-16 წუთზე გიორგიმ „ვალენსია“ აშკარა გოლისგან იხსნა. პირისპირ დარჩენილ ოსკარ ტრეხოს დარტყმაზე პოზიცია კარგად შეარჩია და გუნდი გადაარჩინა, დამატებაზე კი სახიფათო მომენტი ისევ განმუხტა, მაგრამ 52-ე წუთზე გუნდს ვეღარ უშველა – კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ნიკო გონსალესმა საკუთარ კარში ჩაჭრა. ორ წუთში გიორგისთან ერთი-ერთზე სერხიო კამელო დარჩა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა გუნდი ამჯერადაც გადაარჩინა.

„რაიო ვალეკანომ“ კიდევ რამდნენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ 89-ე წუთზე ალვარო გარსიას, ხოლო 10 წუთში უნაი ლოპესის დარტყმებზე უსწრაფესი რეაგირება მოახერხა და მორიგი ეფექტური სეივები ჩაიწერა.

90+3-ე წუთზე მუხტარ დიახაბმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „ვალენსია“ დამარცხდა (2:1), მამარდაშვილმა „სოფასქორისგან“ კი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება, 7,3 ქულა დაიმსახურა. „ვალენსია“ 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-12 პოზიციაზეა.