„ვალენსიამ“ მამარდაშვილი პირველ გუნდში დაარეგისტრირა #1TVSPORT
„ვალენსიამ“ მამარდაშვილი პირველ გუნდში დაარეგისტრირა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ვალენსია“ არ დატოვა და ესპანურმა კლუბმა ქართველი მეკარე სარეზერვო გუნდიდან პირველ გუნდში დაარეგისტრირა, – ინფორმაციას lavozdegalicia ავრცელებს.

„სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს „ვალენსიამ” მოაწერა ხელი ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილთან, როგორც პირველი გუნდის ფეხბურთელთან. ამან საშუალება მისცა გააქტიურებულიყო ახალი კონტრაქტი, რომელიც კლუბმა მეკარის აგენტებთან რამდენიმე კვირის წინ შეათანხმეს“, – წერს გამოცემა.

lavozdegalicia იმ დეტალებზეც წერს, რომლის გამოც კონტრაქტის გაფორმება აქამდე გადაიდო.

„თითქმის ორი თვის წინ „ვალენსიამ“ შეათანხმა მეკარესთან კონტრაქტის გაგრძელება, 2027 წლამდე ანაზღაურების გაზრდა და ასევე კონტრაქტის შეწყვეტის პუნქტი, რომელიც ოციდან ას მილიონ ევრომდე მერყეობს. თუმცა, გუნდის წინაშე დგას ფინანსური ფეირ-პლეის გამო ახალი მოთამაშეების რეგისტრაციის პრობლემა. მანამდე მამარდაშვილი სარეზერვო გუნდის წევრი იყო, რადგან რეგისტრაციის პრობლემა ხელს უშლიდა მოთამაშეს დარეგისტრირებულიყო პირველი გუნდის წევრად“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ტოპ-ლიგის გუნდში ჩაირიცხა. საქართველოს ნაკრების კიპერმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2021 წელს გააფორმა.

სარეზერვო გუნდის მეკარედ წასულმა მამარდაშვილმა იმედები გაამართლა და საბოლოოდ, მთავარი გუნდის პირველი ნომერი და ლა ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა.