ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელდა „მეიჯორ სოკერ ლიგის“ (MLS) რეგულარული ჩემპიონატი. რიგით მეექვსე შეხვედრა ჩაატარა გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსემ“. ზედიზედ ორი მოგების შემდეგ, ამჯერად, ქართველების გუნდი 2:3 დამარცხდა „ლოს ანჯელეს გელაქსისთან“.
ანგარიში შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილმა მე-11 წუთზე გახსნა. ეს ახალ სეზონში მისი პირველი გოლი იყო. „სან ხოსე“ ორჯერ იგებდა ამ შეხვედრას და „გელაქსიმ“ ორივეჯერ გაათანაბრა, 82-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა.
ყაზაიშვილმა 82 წუთი ითამაშა და შემდეგ შეცვალეს, კაშია კი განაცხადში იყო, მაგრამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
რვა სათამაშო კვირის შემდეგ, „სან ხოსე“ დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.