ვაკო ყაზაიშვილი „ემ ელ ესში“ (MLS) კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო]

ამერიკული „სან ხოსეს“ ქართველი შემტევი, ვაკო ყაზაიშვილი „ემ ელ ესის“ (MLS) კვირის მოთამაშე გახდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო კვირაში ვაკო გუნდის ლიდერად იქცა და ბოლო ორ მატჩში განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდა.

გასულ კვირაში მისმა გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში სატურნირო ცხრილში მეზობელ „ჰიუსტონს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ქართველის ანგარიშზე იყო, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და დუბლი შეასრულა. 22-ე წუთზე პირველი გოლი სწორედ ვაკომ გაიტანა, ხოლო 75-ზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შემდეგ „სან ხოსემ“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ლოს ანჯელეს „გელექსის“ მოუგო ანგარიშით 3:1. პირველი გოლი ამ მატჩშიც ვაკოს ანგარიშზე იყო. ამავე თამაშში, ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემაც მიითვალა და თანაგუნდელ ში სალინასს გაატანინა.

ვაკო ყაზაიშვილის თამაშით კმაყოფილება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატიას ალმეიდამაც ღიად დააფიქსირა.