ვაკო გვილია - შევეცდებით, ხვალ სამი ქულა პირველად ავიღოთ
ვაკო გვილია - შევეცდებით, ხვალ სამი ქულა პირველად ავიღოთ

დუბლინში, „ავივა სტადიონზე“ გამართულ პრესკონფერენციას, ვლადიმირ ვაისთან ერთად, საქართველოს ნაკრების მოთამაშე ვაკო გვილია ესწრებოდა.

მან ირლანდიასთან ხვალინდელ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებულ შეხვედრას ჩაატარებს.

„სამწუხაროდ, შესარჩევი ციკლი შვეიცარიასთან წაგებით დავიწყეთ. ხვალ კი ირლანდიას ვხდებით, რომელიც ჩვენთვის მუდამ უხერხული მეტოქე იყო. დარწმუნებული ვარ, ხვალაც მძიმე მატჩი გველის. მაგრამ შევეცდებით, ხვალ სამი ქულა პირველად ავიღოთ. ჩვენ საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ“, – ამბობს ვაკო გვილია.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიას 26 მარტს „ავივა სტადიონზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 23:45 საათიდან შემოგთავაზებთ.