ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება
ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

თბილისში, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის 2019 წლის  ბიუჯეტსა და განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ვაკის რაიონში ვაპირებთ ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, განათებებით, გამწვანებებით და იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით,  2019 წელს ფინანსთა სამინისტროდან დამატებით მიღებული თანხებით, თბილისის მერია დაიწყებს ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე დაიწყება თანამედროვე სტანდარტის ნაგავსაყრელის პოლიგონის მოწყობა.

„ვიცით, რა მდგომარეობაა იქ, კატასტროფულად მძიმე სიტუაციაა. შესაბამისად, ამის მოწესრიგება არის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე დაგეგმილია ორი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რისთვისაც უკვე შერჩეულია კონკრეტული ადგილები – ვარკეთილი და დიდი დიღომი.

ამასთან, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

„ასევე, მნიშვნელოვანია მაჭავარიანისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რომელიც 2019 წელს დაიწყება. გვინდა, ლისიდან ჩამოსასვლელი ახალი გზა გავაკეთოთ, რომელიც ვეფხი და მოყმესთან ჩამოვა და გელოვანის გამზირს დაუკავშირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.