ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია მომავალი კვირიდან დაიწყება
ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია მომავალი კვირიდან დაიწყება

ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია მომავალი კვირიდან დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით. მომავალი კვირიდან ვიწყებთ ვაკის პარკის სრულ განახლებას და რეაბილიტაციას. ჩვენ გასული წელი დავუთმეთ ​საპროექტო სამუშაოებს. ასევე, ამ ხნის განმავლობაში შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებათმცოდნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციის საფუძველზე, ბრიტანულმა კომპანიამ, „სიბიეს სტუდიოსმა“ პარკის ფუნქციური ზონების პროექტი დაამუშავა იმის გათვალისწინებით, რომ პარკის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, არ შეგვიცვლის პარკის ისტორიულ გეგმარებას. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, იმასაც პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სამუშაოების წარმოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა,  განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტრუქტურა.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს ვაკის პარკის შადრევნების კასკადის პროექტირება და როგორც კი მზად იქნება პროექტი, კასკადისა და შადრევნების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.

„პროექტის განხორციელებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება და გარკვეული შეზღუდვები მოგვიწევს, თუმცა ისე დავგეგმავთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ ადამიანებს. გპირდებით, რომ როგორც სამუშაოები ჩატარდა და ძალიან მაგარი სივრცე გამოვიდა მზიურის პარკი, კიკვიძის პარკი, გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში ძალიან ლამაზი სივრცე. დარწმუნებული ვარ, ვაკის პარკიც თბილისელების საამაყო პროექტი იქნება და ძალიან მაგარი სივრცე გამოვა რეაბილიტაციის შემდეგ. მომავალ კვირას უკვე ვიწყებთ სამუშაოებს. უნდა აღნიშნოს, რომ მსგავსი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება და რაც მთავარია, ვაკის პარკსა და კასკადს შეუნარჩუნდება პირვანდელი სახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.