ვაკის პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
ვაკის პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე მიმდინარეობს.

„კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი დავასრულეთ – ვაკის პარკის რეაბილიტაცია- განახლება. მოგეხსენებათ, აღნიშნული სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევის და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო და ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია ვაკის პარკის დაარსებიდან არასდროს განხორციელებულა. როგორც ამ ქალაქის მერს, რიგით ადამიანს, ეს მეამაყება. ამაზე არ გავჩერდებით და მომავალშიც არაერთი მსგავსი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ჩვენი ჯანმრთელობისა და ჩვენი შვილების მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი და დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდა მცენარეული საფარი.

„სამუშაოების ფარგლებში, უკვე განახლდა საპარკე ავეჯი, საფეხმავლო და ველობილიკები. დამატებით, მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ბილიკები. ასევე, მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები და ცხოველთა სასეირნო მოედანი, ახალი სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინებისა და ელექტროობის სისტემები; ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდა მცენარეული საფარი – დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 673 ძირი ბუჩქი და 1 338 ძირი ხე. ამასთან, 80 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაგეგმილია ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახის დათესვაც. ეს სამუშაოები უკვე მინდინარეობს და მომდევნო წლის გაზაფხულზე ყველაფერი მოწესრიგებული, გამწვანებული და ულამაზესი იქნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მისი მერობის პერიოდში, ვერავინ შეძლებს, რომ თბილისში რეკრეაციული სივრცეების ან სპორტული მოედნების ხარჯზე, სხვადასხვა ტიპის მშენებლობა განახორციელოს. დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავსი მშენებლობების წინააღმდეგ იბრძოდა.

„ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან სამუშაოებს ვახორციელებთ და მაქსიმალურად ვუფრთხილდებით იმ რეკრეაციულ სივრცეებს, რომელიც ასე ცოტა დარჩა ჩვენს ქალაქში. წლების განმავლობაში, ყველაფერს ასხვისებდნენ და ასეთ ზონებში მშენებლობები მიმდინარეობდა. ჩვენ კი ვართ ის მთავრობა, ვინც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობების განხორციელებას. სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, ჩემს მთავრობის წევრებთან ერთად, ვერავინ გაბედავს ამ ქალაქში ასეთი ტიპის სამუშაოები ჩაატაროს და რეკრეაციული სივრცე გააოხროს. გარდა ამისა, უამრავი ადამიანი იყო, ვინც მსგავსი მშენებლობების წინააღმდეგ იბრძოდა და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ჩვენი ქალაქის, ჩვენი შვილებისთვის აკეთებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პარალელურად, იწყება ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც კასკადისა და შადრევნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით. ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც. პარკის რეაბილიტაციის განხორციელებაზე 17 მლნ 600 ათასი ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე დამატებით, 3 მლნ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.

დატოვე კომენტარი