ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე მოძრაობა დღეიდან აღდგება
ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე მოძრაობა დღეიდან აღდგება

თბილისში, ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე მოძრაობა დღეიდან აღდგება.

შესაბამისი განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გააკეთა.

„ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. თავდაპირველად, სატრანსპორტო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილზე აღდგება. შემდეგ უკვე გადავალთ მეორე ეტაპზე, რომელსაც ასევე მოვაწესრიგებთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ხარისხია, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ზოგადად, ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რომ იმ პროექტებმა, რომელსაც ვახორციელებთ, ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. სხვანაირად შეუძლებელია და თანხის წყალში გადაყრა გამოგვივა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია მაისში დასრულდება.

პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 394 434 ლარი დაიხარჯება.