ვახუშტი მენაბდე - „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ სისტემას აქვს სხვადასხვა უპირატესობა, რომელიც ხარვეზებს აღემატება
ვახუშტი მენაბდე - „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ სისტემას აქვს სხვადასხვა უპირატესობა, რომელიც ხარვეზებს აღემატება

არ არსებობს საარჩევნო სისტემა, რომელსაც ხარვეზები არ გააჩნია, ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ განაცხადა „ქართული ოცნების“ შეთავაზებასთან დაკავშირებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ.

მისი თქმით, ამ სისტემას აქვს მეტი უპირატესობა, ვიდრე ხარვეზი.

„თავისთავად ის, რომ მანიპულაციებისა და ფარდის უკან გარიგებების მაღალი ალბათობა გაზარდოს ან გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გაართულოს, ეს არის დამახასიათებელი ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, მას აქვს სხვადასხვა უპირატესობა, რომელიც ჩემი აზრით, აღემატება ხარვეზებს, რა ხარვეზებიც აქვს ამ სისტემას. ეს უპირატესობები პირველ რიგში არის ის, რომ ფაქტობრივად, ჩვენ არ გვრჩება ამომრჩეველი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს, ანუ ყველას ხმა ისმის საკანონმდებლო ორგანოში. მიღებული ხმები და მანდატები ურთიერთპროპორციულია. იმაზე მეტი მანდატი არ ერგება პარტიას, ვიდრე ხმები მიიღო“, – განაცხადა მენაბდემ.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლის განწყობა მაქსიმალურად არის ასახული.

„რა პროპორციითაც არის საზოგადოებაში ამომრჩევლის განწყობები, იმ პროპორციით აისახება პარლამენტში სწორედ, შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც მრავალმხრივად განიხილება და უფრო მეტად ლეგიტიმურია“, – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა.

ამასთან, მენაბდის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი შეიძლება, ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში შექიმნას.

„პოლიტიკური კრიზისი შეიძლება, ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში შეიქმნას, მათ შორის, ამ სისტემაში. ერთპარტიული სისტემის კრიზისი არის ის, რომ ერთი პარტია მართავს და არავის არაფერს ეკითხება. შესაბამისად, კრიზისის ალბათობა მაღალია, მრავალპარტიულში კრიზისი შეიძლება, იყოს ის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაჭიანურდეს. ჩვენ რომელი უფრო გვირჩევნია, მე პირადად, მირჩევნია,  გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდეს, მაგრამ ლეგიტიმური იყოს, ვიდრე, სწრაფად მივიღოთ და მერე არავის, ერთი პარტიის გარდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღარ შეეძლოს ჩართვა“, – განაცხადა მენაბდემ.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.