ვახტანგ მეგრელიშვილი - ვიოლა ფონ კრამონის განცხადება აღვიქვი როგორც რაღაცნაირი დაღლილობა ჩვენი პრობლემებისგან, ნამეტანი მოგვივიდა
ვახტანგ მეგრელიშვილი - ვიოლა ფონ კრამონის განცხადება აღვიქვი როგორც რაღაცნაირი დაღლილობა ჩვენი პრობლემებისგან, ნამეტანი მოგვივიდა

ვიოლა ფონ კრამონის განცხადება აღვიქვი როგორც რაღაცნაირი დაღლილობა ჩვენი პრობლემებისგან, ნამეტანი მოგვივიდა, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის დღევანდელ განცხადებას.

ამასთან, მისივე თქმით, მთელი პოლიტიკური პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხს აქვს დათმობილი.

„ვიოლა ფონ კრამონის განცხადება მე აღვიქვი როგორც რაღაცნაირი დაღლილობა ჩვენი პრობლემებისგან. ნამეტანი მოგვივიდა. მეორე მხრივ, სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებით, თვითონ ეს პრობლემა, ჩამოვა თუ არ ჩამოვა, თავად გახდა პრობლემა. მთელი პოლიტიკური პროცესი ამ თემას აქვს წაღებული და ადგილი არ რჩება რეალური პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ქვეყანაში არც არაფერი ხდება საიმისო, რომ ერთი ადამიანის ჩამოსვლა დესტაბილიზაციას იწვევდეს საქართველოსთვის“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, რაზე მიანიშნებს ის, რომ ევროკავშირს მორიგი კრიზისის შუამავლობის სურვილი და რესურსი არ აქვს, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „თუ ანალოგიურ ქმედებას გავაგრძელებთ, არ მგონია, სხვა ადამიანებმა ჩვენ გამო თავი კიდევ შეიწუხონ“.

„რაღაცნაირი დისკრედიტაციაა, მოლაპარაკებების სამი რაუნდი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ორჯერ იყო ჩამობრძანებული და იდეაში, პოლიტიკური წარუმატებლობა იყო დიპლომატიურ ასპარეზზე, ძალიან მაღალი დონის ევროპული ბიუროკრატიისთვის. შესაბამისად, არ მგონია, სხვა ადამიანებმა ჩვენ გამო თავი კიდევ შეიწუხონ, თუ ანალოგიურ ქმედებას გავაგრძელებთ. ჩემი აზრით, ეს არასწორი განწყობაა, სინამდვილეში, ამ მუდმივ პოლიტიკურ კრიზისს ინარჩუნებს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში“, – განაცხადა ვახტან მეგრელიშვილმა.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურესად საშიშ დონეს აღწევს. მისივე თქმით, ამ ვითარებაში, არც ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. ფონ კრამონის განმარტებით, ამგვარ პოლიტიკურ გარემოში, სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.

ამავდროულად, ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირს არ აქვს არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში“.