ვახტანგ მეგრელიშვილი - ვფიქრობ, არც ერთ მხარეს დიალოგი არ უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად გაიმართებოდა
ვახტანგ მეგრელიშვილი - ვფიქრობ, არც ერთ მხარეს დიალოგი არ უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად გაიმართებოდა

როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე აცხადებს, რომ მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ როგორც ვიცით, ორი თვეა, გაჩერებულია. შესაბამისად, რაღაც არ არის მართალი ერთი ან მეორე მხარის განცხადებაში. სინამდვილეში, არც ერთ მხარეს დიალოგი არ უნდა. ჩვენი აზრით, არც ერთს არ უნდა მოლაპარაკება, თორემ მოლაპარაკების სურვილის შემთხვევაში, ეს აუცილებლად გაიმართებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს, ამასთან დაკავშირებით ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მელია არ უნდა დააკავონ, რადგან ეს  პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება იქნება.

„ზოგადად, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. ეს ბუნებრივია და ნებისმიერი სახელმწიფოს თანამდებობის პირმა ასეთი განცხადება უნდა გააკეთოს, მაგრამ საქართველოში ახლა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ. არავინ არ დავობს საქართველოში იმაზე, რომ ჩვენ სასამართლოს სისტემას აქვს სერიოზული პრობლემები. აქედან გამომდინარე, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკაში, არ არის მხოლოდ სასამართლოს პრობლემა. ეს არის პოლიტიკური კრიზისის მაჩვენებელი, რადგან ჩვენ სხვა ინსტიტუტები არ გვაქვს. ამიტომ, ვერ ვწყვეტთ პოლიტიკური კრიზისის პრობლემას. შესაბამისად, ის განცხადება, რომ კანონი ყველასთვის კანონია, საქართველოსნაირ ქვეყანაში ფაშიზმს ნიშნავს. ანუ, საქართველოსნაირ ქვეყანაში თქვენ თუ ყველანაირ კანონს შეასრულებთ, რომელიც ქაღალდზე გიწერიათ და ტვინს თუ არ დავატანთ , შეიძლება, ფაშიზმი მოვაწყოთ. ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, რომელიც კრიტიკულად შეხედავს ამა თუ იმ კანონს, ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

შესაბამისად, მცდარია ღარიბაშვილის პოზიცია. ნიკა მელია არ უნდა დააკავონ, მისი დაკავება იქნება პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება ორ პოლიტიკურ ძალას შორის. „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას საქმეს განიხილავს, როგორც სამართლებრივ პრობლემას, სინამდვილეში, ეს სამართლებრივი პრობლემა არ არის, არამედ პოლიტიკური პრობლემაა. შეიძლება, სამართლებრივი პრობლემის საფუძვლები არის ამ პრობლემის საწყისში. მეც ვიყავი იმ დღეს დაკავებული, როცა ნიკა მელია დააკავეს. შესაბამისად, მე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, აქედან გამომდინარე, ნიკა მელიას მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება ექნება საზოგადოებას. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც სულ ვლაპარაკობთ, რომ მოლაპარაკების გარდა, გზა არ არის. ამას გვეჩხუბება როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, რომ ჩვენ მარტო ამ პოზიციაზე ვართ და ვიძახით, რევოლუცია, პოლიტიკური დევნა არ მოსულა. ჩვენი პოზიცია არც ერთ მხარეს არ მოსწონს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.