ვახტანგ მეგრელიშვილი - წარმოიდგინეთ, „ოცნებამ“ მიიღო 30 პროცენტი თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერი გზით, ქვის სროლით
ვახტანგ მეგრელიშვილი - წარმოიდგინეთ, „ოცნებამ“ მიიღო 30 პროცენტი თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერი გზით, ქვის სროლით

„გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 31 ოქტომბრის საპარლამენტოარჩევნებისგან მკვეთრად განსხვავებული შედეგის და პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემთხვევაში, მოქმედების გარკვეული მექანიზმი უნდა არსებობდეს.

„მინდა შევეხო მეოთხე საკითხსაც, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს ეხება. წარმოვიდგინოთ, ბიძინა ივანიშვილი წავიდა, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები იქნება. თუ ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, სხვა ტიპის პოლიტიკური ცხოვრება უნდა დაიწყოს. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანამშრომლობის რეჟიმში უნდა გადავიდეს. წარმოვიდგინეთ, მივედით რიგგარეშე არჩევნებამდე და განსაკუთრებული ექსტრაორდინალური შედეგი დაფიქსირდა, ან ოპოზიცია აგებს მკვეთრად ან ხელისუფლება და გასაგებია, რომ ძალთა ბალანსი შეიცვალა. როგორ უნდა მივიღოთ ახალი არჩევნები? დავინახეთ, რომ 31 ოქტომბრისგან მკვეთრად განსხვავებული შედეგი დადგა.

მე არ ვსაუბრობ ციფრზე, არამედ ვსაუბრობ იდეაზე. ვთქვათ, ქვეყანაში რამდენიმე თვეში შეიცვალა პოლიტიკური ვითარება და ჩვენ არ გვაქვს მექანიზმი, წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ როგორ შეიძლება იმ სიტუაციის განმუხტვა. ვთქვათ, წარმოიდგინეთ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 30 პროცენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. არ ვიცი, ნებისმიერი გზით, ქვის სროლით, რა მნიშვნელობა აქვს. ხომ უნდა არსებობდეს რაღაც მექანიზმი, რომელიც გასაგებს გახდის, როგორ ვიქცევით რაღაც შემთხვევებში“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

გადაცემის წამყვანის თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ხელისუფლება პლებისციტის თემას არ თანხმდება იმ არგუმენტით, რომ აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკის არის საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობისგან. შეიძლება თუ არა, თქვენი რამდენიმეპუნქტიანი ხედვის პირველი პუნქტი მოლაპარაკების და შეთანხმების საგანი გახდეს. მაგალითად, თუ შემდეგი არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით, ამ სკითხის სანაცვლოდ, შეიძლება თუ არა, ყველა სხვა დანარჩენი საკითხი დროებით გადაიდოს, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში პარლამენტში ნამდვილად შევიდოდა.

„დიდი სიამოვნებით შევიდოდი პარლამენტში ამისთვის, ნამდვილად შევიდოდი, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღოთ, თუ ის ნამდვილად ღირებული გვგონია, როგორც მაგალითად, მე მგონია და თქვენც დაგარწმუნეთ ამაში. ამ გადაწყვეტილების მიღებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. როდესაც პარლამენტის თვამჯდომარეს ვუსმენდი, მქონდა განცდა, რომ ცხრაწლიანი ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის კვლავ გრძელდება. ამ ბრძოლაში ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური სპექტრი იჭყლიტება. მე მართლა ვინ მკითხავს, სამპროცენტიან პარტიას ამ ხალხის ერთმანეთთან დალაპარაკებას. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ დაგელაპარაკოთ და გითხრათ, რა შესაძლებლობები არსებობს, რა შესაძლებლობებზე ვამბობთ უარს, როდესაც ჩვენ ორი ძალის ცხრაწლიანი ბრძოლის კონცერტს ვუყურებთ. დღეს ერთი ძალა აპირებს, ამ თავისი ჟინის მოსაკლავად ქვეყანაში გააუქმოს ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანო. ვერ შევალ საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც უბრალოდ აბრაზე ეწერება, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი და საკანონმდებლო საქმიანობასთან არავითარი კავშირი არ ექნება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

შეკითხვაზე, როდესაც შიდა კონსულტაციები გაქვთ ოპოზიციასთან, რატომ ვერ არწმუნებთ, რომ ეს წინადადება, ხედვა საერთო ოპოზიციური შეთანხმების საგანი იყოს და შემდეგ ამ შეთანხმებით წახვიდეთ მეხუთე რაუნდზე ხელისუფლებასთან სასუბროდ, მეგრელიშვილმა უპასუხა:

„როდესაც ოპოზიციურად განწყობილ ტელესაშუალებებში დავდივარ ხოლმე, ძირითადად იქ ოპოზიციაზე ვსაუბრობ. თქვენთან საუბარი უფრო ხელისუფლებაზე მინდა. რა თქმა უნდა, ოპოზიციის შიგნით არსებობს პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემების არსებობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი არის ხელისუფლება, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში საერთოდ არ საუბრობდა. ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ იმ პარტიას, რომელმაც ის მაინც მოახერხა, საკუთარ კოლეგებს ელაპარაკებოდა ერთი წლის მანძილზე, ახლაც ვაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ამის გამო გვეჩხუბებიან. ჩვენ დღესაც მზად ვართ, აზრი მივიტანოთ ხელისუფლებასთან და იქიდან წამოვიღოთ აზრი, თუ რამეს გავიგებთ. მაგრამ ამ ყველაფერს ნდობა დაკარგული აქვს. როდესაც კრიზისამდე ერთი კვირა დარჩა და ხელისუფლება რაღაცებს გელაპარაკება, ვიღაც პარტიები შემოვლენ, ამას ხომ ვაჭრობის აურა დაკრავს. ასე ხომ ნორმალური ადამიანები არ იქცევიან. ეს ხომ უპატივისმცემლობის ნიშანია თავისი კოლეგების მიმართ“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.