ვახტანგ მეგრელიშვილი - ვაპირებთ, ყველას შევხვდეთ, საუბრის თემა იქნება, როგორ უნდა დაახლოვდეს ოპოზიციას შორის პოზიციები
ვახტანგ მეგრელიშვილი - ვაპირებთ, ყველას შევხვდეთ, საუბრის თემა იქნება, როგორ უნდა დაახლოვდეს ოპოზიციას შორის პოზიციები

ჩვეულებრივი, რიგითი შეხვედრები გვაქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დღესასწაულების პერიოდი დასრულდა. ვაპირებთ, რომ ფაქტობრივად, ყველას შევხვდეთ. მთავარი აზრი, რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ არის, თუ როგორ უნდა მოხდეს ოპოზიციას შორის პოზიციების დასინქრონება და როგორ შეიძლება, საერთო პოზიციით მივიდეთ მოლაპარაკებებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „გირჩი“ პარტია „მოქალაქეებთან“ გამართავს კონსულტაციებს, შეხვედრებს ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებთანაც განაგრძობს, რომ კონკრეტული შეთანხმება შედგეს.

„განსხვავება ალეკოსა და ჩვენს შორის არის მცირე, იმ ნაწილში, რომ ჩვენ ვეთანხმებით საარჩევნო ადმინისტრაციის ნაწილში, რაც ალეკოს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია. ჩვენ, ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ პარლამენტი იყოს სრულფასოვანი, იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი და ჩვენ შევეცდებით, რომ ამ საკითხზე ერთმანეთის პოზიციები შევაჯეროთ. ისეთი ტურბულენტური მდგომარეობაა ახლა, მთავარი პარტიის ლიდერი წავიდა, მეორე პარტიაში ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ ლაგდება, ძალიან ბევრი რამეა მომავალში ისეთი, რისი პროგნოზირებაც დღეს არ შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ყველანი უნდა მივყვეთ ამ პროცესს და აქტიურად ვიყოთ ჩართული. ჩვენ ვითხოვთ, რომ პასუხები კი არ მივიღოთ დღესვე 100 პროცენტიანი, არამედ დავიწყოთ პროცესი, რომელიც ბევრად უფრო გასაგებს გახდის საზოგადოებისთვის, თუ რა ხდება ახლა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, „გირჩი“ დღესვე შეხვდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას.

„ნიკა მელიამ თუ მოიცალა, ნიკასაც შევხვდები დღეს, მასთანაც მაქვს კომუნიკაცია, ვაშაძე ჩამოვა შაბათს და როგორც შეძლებს, მასთანაც გვექნება შეხვედრა და ეს გაგრძელდება, სანამ სიტუაცია მეტ-ნაკლებად არ ნორმალიზდება. საპირწონე არაფერი არაფრის არ არის. ჩვენ არ გვინდა რიგგარეშე არჩევნები სხვა პირობების დაკმაყოფილების გარეშე. ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ საზოგადოება დავარწმუნოთ ჩვენი აზრის სისწორეში, რომ რიგგარეშე არჩევნები სხვა ცვლილებების გარეშე, უბრალოდ უაზრობაა. ჩვენ თუ მივიღეთ ოპოზიციასთან ერთად ის პირობები, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას ეხება, რაც ეხება პროპორციულ არჩევნებს, ანუ მომავლის გარანტიები ავიღეთ, მაგ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ჩვენ უკვე გმართებს მოვიფიქროთ სპეციფიკური დამოკიდებულება შემოდგომის ადგილობრივი არჩევნებისადმი. თუ მაგალითად, მართლა გავდივართ და ვიგებთ ამ არჩევნებს, მაშინ აზრი აქვს რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ თუ ოპოზიციის შედეგები ადგილობრივ არჩევნებზე ასეთი არ არის, მაშინ სრული უაზრობაა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა და ამის შესახებ, ჩემი აზრით, მკაფიოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ, როგორ პირობებში რას ითხოვს ოპოზიცია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

დღეს „მოქაალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ კონსულტაციებს გამართავენ. როგორც იოსელიანი აცხადებს, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეხვედრა დღეს პირველად შედგება და ისინი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხს განიხილავენ, რომელიც პარლამენტში შესვლას და არჩევნების საკითხს შეეხება.