ვახტანგ მეგრელიშვილი - შეხვედრების პირველი და მეორე დღის წინადადებები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ დავუჯეროთ შუამავლებს, ყველამ უნდა დაიხიოს უკან
ვახტანგ მეგრელიშვილი - შეხვედრების პირველი და მეორე დღის წინადადებები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ დავუჯეროთ შუამავლებს, ყველამ უნდა დაიხიოს უკან

რაღაც პერიოდის შემდეგ, ალბათ შარლ მიშელის წარმომადგენელი შემოგვთავაზებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელზეც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამაც, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანია, მხარეები კომპრომისისთვის მზად იყვნენ.

„თავიდან როცა ვსაუბრობდით, რომ ყველა მხარისთვის საჭირო იყო უკანდახევა, რომ მოლაპარაკება შედგეს, გამოიყურებოდა უცნაურად და რაღაც თვალსაზრისით დასაცინად, მაგრამ საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ თუ გვინდა ავირჩიოთ ევროპული გზა, ეს არის ლაპარაკის გზა და ამ ლაპარაკის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვასხივებდეთ იმას, რომ მზად ვართ კომპრომისებისთვის. კომპრომისებისთვის რომ არ ვართ მზად, ეს ხომ იქიდანაც ჩანს, რომ ჩვენთან არის მათი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ახერხებს ჩვენს შორის კომუნიკაციას, ეს არის პრობლემა.

ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ ახლა ჩვენთან, როგორც მოსწავლეებთან ჩამოვიდნენ ადამიანები, რომელთაც უნდა დავუჯეროთ, რადგან კრიზისში ვართ, ალბათ რაღაც პერიოდის შემდეგ შარლ მიშელის წარმომადგენელი შემოგვთავაზებს რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელზეც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამაც.

ამისთვის არის ეს ადამიანი ჩამოსული და რეალურად, ეს პროცესი როგორღაც უნდა დასრულდეს. კომპრომისი იმას ნიშნავს, რომ როდესაც ხელისუფლება იძახის, ეს არჩევნები არ გამიყალბებიაო და გაისმა განცხადება, რომ არჩევნები ჩვენი მეგობრების მხრიდან აღიარებულია, ყოველ შემთხვევაში იმაზე უარესი არ არის, როგორიც ტარდებოდა საქართველოში, ამ დათქმით შეიძლება მოლაპარაკებების გაგრძელება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილის განმარტებით, წითელი ხაზების გავლება ულტიმატუმია და არა მოლაპარაკება.

„როდესაც რაღაც წითელ ხაზს ავლებ და შემდეგ იძახი, რომ მე მზად ვარ მოლაპარაკებეებისთვის, ეს არაფერს ნიშნავს. ეს უკვე მოლაპარაკება კიარა, ულტიმატუმია. შესაბამისად, ამ განცხადებების შემდეგ ალბათ, მოგვიწევს იმ კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, რომელიც ეხება ოპოზიციას და რას ნიშნავს  უკან დახევა, ამის შესახებ ალბათ ძალაინ მალე გახდება ცნობილი.

მე ველოდები, რომ ყველას გაუჭირდება თავისი პასუხისმგებლობის აღება, წავიდნენ ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ. სინამდვილეში, ახლა განმსაზღვრელი გახდა ჩვენი ევროპელი პარტნიორების აზრი ჩვენთან მიმდინარე პროცესებზე.

შეხვედრების პირველი და მეორე დღის წინადადებები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან მაგრამ მთავარი ის არის, რომ დღეს ჩვენ უნდა დავუჯეროთ ჩვენს შუამავლებს. თუ საჭიროა, შეიძლება, კომპრომისი  „გირჩის“ მხრიდან იყოს მაღალი, მაგრამ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაჯდეს ერთმანეთთან სალაპარაკოდ და ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდეს. ყველამ უნდა დაიხიოს უკან. თუ უკან არ ვიხევთ, მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. უნდა მოვემზადოთ კრიზისისთვის, ოღონდ ნათელი უნდა იყოს პასუხისმგებლიბის საკითხი, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.