ვახტანგ მეგრელიშვილი - შეხვედრაზე მივაწოდეთ მეტი ინფორმაცია თითოეულ პუნქტზე, რომელიც მიშელის გეგმაში არის
ვახტანგ მეგრელიშვილი - შეხვედრაზე მივაწოდეთ მეტი ინფორმაცია თითოეულ პუნქტზე, რომელიც მიშელის გეგმაში არის

ჩვენ ამ ადამიანებს მივაწოდეთ მეტი ინფორმაცია თითოეულ პუნქტზე, რომელიც მიშელის გეგმაში არის, – ამის შესახებ გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მეგრელიშვილს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

„ჩემი აზრით, ეს შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმის დამადასტურებელი, რომ ჩვენით ძალიან სერიოზულად დაინტერესდნენ. შეიძლება, კონკრეტულად ჩვენი ჯგუფი არ არის გადამწყვეტი ამ მოლაპარაკებების დროს, რადგან გესმით, რომ ძირითადი დაპირისპირებული მხარეები აქ არ იმყოფებიან, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ ამ ადამიანებს მივაწოდეთ მეტი ინფორმაცია, თითოეულ იმ პუნქტზე, რომელიც მიშელის გეგმაში არის.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ მთავარ აქტორებთან შემდეგ მოლაპარაკებებს ჩვენ უკეთესი ფონი მივეცით. დღევანდელი და ხვალინდელი დღე უნდა გამოვიყენოთ, რადგან შეხვედრები გაგრძელდება დღესაც და ხვალაც. ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი, რომ მათ შორის ჩვენი დახმარებითაც, წარმატებით დასრულდება მოლაპარაკება. პოლიტიკური პატიმრები არის პირველი საკითხი მშვიდობის დამყარებისთვის. როდესაც ჩვენ ვიძახდით, რომ მშვიდობაა მხარეებს შორის დასამყარებელიო, ეს იყო სასაცილო და დღეს ამაზე ლაპარაკობს პრეზიდენტი სააკაშვილი, ლაპარაკობენ ჩამოსული სტუმრები, ყველა ამ თემაზე ლაპარაკობს, ანუ ამ დაპირსიპირების დასრულების გარეშე თითოეული ის პუნქტი, რომელზეც თქვენ კითხვებს სვამთ, არის არარეალური. ჯერ უნდა დავასრულოთ დაპირისპირება და შემდეგ ამ დაპირისპირების დასრულების შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. დანიელსონმა შეხვედრა გამართა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოს“, „მეტი თავისუფლება – გირჩისა“ და „გირჩის“ ლიდერებთან.

შეხვედრას ასევე ესწრებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.