ვახტანგ მეგრელიშვილი - სერიოზულად მაქვს კითხვა, ნუთუ ზურაბ ჯაფარიძე ან „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არიან დღეს ხელისუფლებაში მოსასვლელად
ვახტანგ მეგრელიშვილი - სერიოზულად მაქვს კითხვა, ნუთუ ზურაბ ჯაფარიძე ან „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არიან დღეს ხელისუფლებაში მოსასვლელად

ჩემთვის 3 ოქტომბერი ძალიან საინტერესო დღეა, რადგან ხალხის არჩევანმა შეფასება უნდა მოგვცეს ერთწლიანი კრიზისულ პერიოდში ჩვენი მოქმედებების, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ სიძლიერე ოპოზიციის სისუსტეშია.

„ამ დღისთვის ვემზადებით, მაგრამ წაგება ვისთვის რა არის – „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ზურაბ ჯაფარიძისთვის? რა შეიძლება,  იყოს წაგება, ის, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვა? ნუთუ, ზურაბ ჯაფარიძე ან „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არიან დღეს ხელისუფლებაში მოსასვლელად? ეს კითხვა სერიოზულად მაქვს. ხალხი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, დებატებზე ვერ ჯდება, პირიქით, საკუთარ ტელევიზიას ვერ გასცდნენ, ეშინიათ ალტერნატიული აზრის, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებს წინასწარ ჰქონდეთ განსაზღვრული, თუ არჩევნებს ვერ მოიგებენ, აუცილებლად რაღაც დაუმორჩილების და რევოლუციურ კამპანიას მოაწყობენ?

მაინტერესებს, 3 ოქტომბერი როგორ დასრულდება და ვინ როგორ ხასიათზე იქნება. შეიძლება, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები იყოს შანსი, რომ მსგავსი მოვლენები არ განვითარდეს, მაგრამ ოპოზიცია გაკვეთილს მანამდე ვერ მიიღებს, ვიდრე ტყუილების ლაპარაკს არ შეეშვება და რეალობას არ გაუსწორებს თვალს. სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ სიძლიერე არის ოპოზიციის სისუსტეში. ამას ვერ ხვდება თავად ოპოზიცია და თავად აძლევენ ფორას – დაწყებული მიხეილ სააკაშვილის გამოხტომებით, რომელიც ყველაზე მაგრად ეხმარება „ქართულ ოცნებას“ და დამთავრებული ოპოზიციის სტრატეგიით, რომელიც აირჩია საკუთარ რიგებში ურთიერთობისთვის“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.