ვახტანგ მეგრელიშვილი - სასამართლო სისტემის გაუმართაობის და უნდობლობის გამო შეიქმნა პრობლემა, როცა ჩვენ გვჭირდება შუამავლები, რომლებიც ჩვენთვის ფაქტობრივად, სასამართლოს ფუნქციას ასრულებენ
ვახტანგ მეგრელიშვილი - სასამართლო სისტემის გაუმართაობის და უნდობლობის გამო შეიქმნა პრობლემა, როცა ჩვენ გვჭირდება შუამავლები, რომლებიც ჩვენთვის ფაქტობრივად, სასამართლოს ფუნქციას ასრულებენ

თავიდან, როცა ოპოზიციასთან ერთად ბოიკოტირების პროცესში შევედით, დარწმუნებული ვიყავით, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, რაც თანდათანობით, პროცესში არ დადასტურდა, – ამის შესახე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„არ დადასტურდა იმის გამო, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა გაყალბების დადასტურების ნაწილში ისეთი ფაქტობრივი მტკიცებულებები ვერ შეაგროვეს, რომ საზოგადოება სრულად დაერწმუნებინათ და რაც მთავარია, პირველი მოლაპარაკებების დროს დაერწმუნებინათ შუამავალი ელჩები. როდესაც უკვე საბოლოო ანგარიშები გამოქვეყნდა, ოდირის, „აირაის“ და ა.შ, ფაქტობრივად, ნათელი გახდა, რომ მთავარი პრეტენზია, რომლითაც მთელი ეს პროცესი დაიწყო, რაღაც თვალსაზრისით ოპოზიციამ წააგო. ამაზე რაღაც თვალის დახუჭვასავით ხდება, მაგრამ ახლა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა რაშია – მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილში „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით მართალია, ის პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, რომელიც ტელევიზიების მიღმა იტყვის, რა არის მართალი, რა არა და ამას ვინმე დაუჯერებს. ვსაუბრობ სასამართლო სისტემაზე, რომლის გაუმართაობის და უნდობლობის გამო შეიქმნა პრობლემა, როცა ჩვენ შუამავლები გვჭირდება. შუამავლები ჩვენთვის, დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეებისთვის ფაქტობრივად, სასამართლოს ფუნქციას ასრულებენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, შუამავალთა თანდასწრებით მიმდინარე მოლაპარაკებები ორთაბრძოლის, მაგიდაზე მოგების მსურველი მხარეების არეალად გადაიქცა და ამან წარმოშვა ის კრიზისი, რაშიც ახლა ქვეყანა იმყოფება.

ვახტანგ მეგრელიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმის მთავარი მიზანი უნდა იყოს დიდი პარტიების დისციპლინირება.

„მათ უნდა დაიწყონ და ზოგადად, პოლიტიკაში უნდა შეიქმნას მოლაპარაკების კულტურა. როცა კერძო საუბრებში ვსუბრობთ, იცით, რას ამბობენ და რისი ეშინიათ? – ბევრი პარტია იქნება, ისინი ერთმანეთში ვერ მოილაპარაკებენ და მთავრობას ვერ შექმნიანო. ჩვენ გვჭირდება ისეთი გარღვევა, რომელიც მართლაც მოგვცემს სტიმულს, რომ ეს ყველაფერი გადაეწყოს. ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა 1 პროცენტიანი ბარიერით იყოსო, ახლა რომ ჩატარდა, წარმოიდგინეთ, ეს რომ სრულად პროპორციული არჩევნები ყოფილიყო, იქნებოდა 76 დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ და ყოველგვარ გაყალბებაზე ჩხუბის გარეშე, მარტო პროპორციული ნაწილით, 74 დეპუტატი ოპოზიციიდან. ასეთ შემთხვევაში იქნებოდა ეს კრიზისი? – არა. ჩვენ ამ კრიზისს თავს ავირიდებდით“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სჯერა, რომ თუ ბუნებრივი ბარიერის შესახებ წინადადებას სერიოზულად დადებს, პარლამენტში 113 ადამიანი მართლაც შევა, მართლაც მოუწევს საკონსტიტუციო ცვლილების მიღება და ასევე მართლა მოუწევს პარლამენტში ოპოზიციის ატანა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეიძლება, დათმოს ოპოზიციამ მოლაპარაკებების პროცესში, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის დათმობა სიმართლის აღიარება იქნება.

„ახლა ორივე მხარე ხელისუფლებისთვის იბრძვის. ერთს არ უნდა, ეს ხელისუფლება დათმოს, ხოლო მეორეს უნდა, ეს ხელისუფლება აიღოს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.