ვახტანგ მეგრელიშვილი - სასაფლაოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად, ისე უხერხულად ვგრძნობდი თავს, პროტესტის სურვილიც არ მქონდა
ვახტანგ მეგრელიშვილი - სასაფლაოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად, ისე უხერხულად ვგრძნობდი თავს, პროტესტის სურვილიც არ მქონდა

ოდესმე შეიძლება, კვლევა ჩავატაროთ და აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მოქმედებებით უფრო მეტი ხალხი დავხოცეთ, ვიდრე კორონავირუსმა შეიწირა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილმა 6 მაისიდან დაგეგმილ თბილისის ქუჩების მორეცხვასთან დაკავშირებით და აღდგომის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

მეგრელიშვილის თქმით, თუ რაღაც არ გაკეთდა, მიმართულება არ შეიცვალა, ეკონომიკა ვეღარ ამუშავდება და მოქალაქეები არა კორონავირუსის, სხვა ტიპის სასიცოცხლო რისკების წინაშე აღმოჩნდებიან.

„ჩვენი დასვენების დღეები, რომლებიც წელი გრძელდება, ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც გვაქვს, ანუ, თუ მართლა სერიოზულად არ გადავწყვიტეთ, რომ რაღაც გავაკეთოთ, მიმართულება შევცვალოთ, ჩვენ ხომ ეკონომიკას ვეღარ ავამუშავებთ? ეს ხომ იგივე სასიცოცხლო რისკებია უამრავი ჩვენი თანამოქალაქისთვის, არა კორონავირუსის, არამედ სხვა ტიპის. საბოლოო ჯამში, ოდესღაც შეიძლება, კვლევა ჩავატაროთ და აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მოქმედებებით უფრო მეტი ხალხი დავხოცეთ, ვიდრე კორონავირუსმა შეიწირა. მართლა რომ ასე აღმოჩნდეს, ეს ხომ საზარელი ტრაგედია იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და შემდეგ იმ ცხვრებისთვის, რომლებიც ამ სიგიჟეს ერთი წლის განმავლობაში თავს უქნევდნენ. საბოლოოდ ხომ შეგვრცხვება ჩვენი ქმედების? ქუჩის მორეცხვა ამ სიტუაციაში, სადაც ვართ, სასაფლაოებზე შეზღუდვები, რაც ახლა გააკეთეს… სასაფლაოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად და ისე უხერხულად ვგრძნობდი თავს, არც პროტესტის, არაფრის სურვილი არ მქონდა. შემრცხვა, რომ მანქანიდან გადმოვსულიყავი. რაღაცნაირად საკუთარ თავს ჩვენ თვითონ მოვუწყვეთ ეს, როგორც მთავრობამ, ისე ხალხმა მორჩილებით და ელემენტარული უცოდინრობით. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, სამყაროში მარტო ჩვენ არ ვართ ასეთები“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.