ვახტანგ მეგრელიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ ბიზნესი ისეთი ტერორის ქვეშ არ არის, როგორც ცხრაწლიან პერიოდში იყო
ვახტანგ მეგრელიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ ბიზნესი ისეთი ტერორის ქვეშ არ არის, როგორც ცხრაწლიან პერიოდში იყო

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში შედარებულია არსებული გარემო წინა ისტორიასთან და გათვალისწინებულია ის გარემო, რომ ბიზნესი ისეთი ტერორის ქვეშ არ არის, როგორც გავრცელებული კლიშეა – ცხრაწლიან პერიოდში იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით შინაარსობრივი გაუმჯობესება არ მომხდარა და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც საკითხზე სათანადოდ არის საუბარი.

„სასამართლოს შინაარსობრივი გაუმჯობესება არ მომხდარა. როცა გაუმჯობესება არ ხდება, ავტომატურად უარესდება. შესაბამისად, ვფიქრობ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც ამის აღმნიშვნელია – სასამართლოსთან მიმართებაში უფრო მეტი რისკია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ხოლო ბიზნესთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკა უფრო რბილია, ვიდრე წინა პერიოდში იყო“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ.