ვახტანგ მეგრელიშვილი - როგორც ჩანს, შარლ მიშელის დოკუმენტიდან ყველაზე პრობლემური იყო პუნქტი, რომელიც საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას გულისხმობდა
ვახტანგ მეგრელიშვილი - როგორც ჩანს, შარლ მიშელის დოკუმენტიდან ყველაზე პრობლემური იყო პუნქტი, რომელიც საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას გულისხმობდა

„გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს პოლიტიკურ მხარეებს შორის არსებული პოლარიზაცია გააღრმავა.

მეგრელიშვილის თქმით, შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ირაკლი კობახიძემ არ ახსენა შეთანხმება, რომელიც დაკავშირებული იყო საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევასთან.

„ჩემი მთავარი კითხვაა – შეთანხმების ამ ნაწილიდანაც გადის ირაკლი კობახიძე? ირაკლი კობახიძემ რაც ჩამოთვალა, ფაქტობრივად შესრულებული აქვთ. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს აძლიერებენ. მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება ისევე აძლიერებს „ქართულ ოცნებას“, როგორც „ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადება გააძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“. გამოდის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან ყველაზე პრობლემური ის პუნქტი იყო, რომელიც საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას გულისხმობდა“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება 53-პროცენტთან დაკავშირებულ განცხადებას, ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ რეალურად თავად აწყობს ვადამდელი არჩევნები.

„რაც შეეხება 53 -პროცენტიან შემოთავაზებას, რეალურად, „ქართულ ოცნებას“ თავად აწყობს ვადამდელი არჩევნები და კოალიციური მთავრობა ამიტომ იყო ნახსენები. ამ გადაწყვეტილებით ნათელი ხდება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემა არ არის 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. გამოვიდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია ერთადერთი პუნქტის წინააღმდეგ, რომელიც რისკის ქვეშაა და რაც არც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს და არც „ქართულ ოცნებას“. ეს არის საარჩევნო ბარიერი. შეთანხმებიდან გასვლა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მხოლოდ ეს პუნქტია შეუსრულებელი. მაინტერესებს, „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი შეთანხმებული არის თუ არა შარლ მიშელთან და კრისტიან დანიელსონთან, ასევე კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთან. მათი პოზიცია ძალიან საინტერესოა, რადგან გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ღია დაპირისპირებაში არიან. თუ მათ რაიმე აკავებდათ და ჩარჩოში აყენებდათ, ეს შეთანხმება იყო. ახლა უნდა ველოდოთ, რომ სხდომათა დარბაზში ყოველ დღე საგიჟეთი იქნება?“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.