ვახტანგ მეგრელიშვილი - რას ნიშნავს „გირჩი“ ჩემია, ზურაბ ჯაფარიძე ამ კითხვას ვერასდროს გაექცევა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ როცა წავიდა, არ წაუღია ხუთი ნომერი და არც პარტიის სახელი, იგივე ხდება ახლაც
ვახტანგ მეგრელიშვილი - რას ნიშნავს „გირჩი“ ჩემია, ზურაბ ჯაფარიძე ამ კითხვას ვერასდროს გაექცევა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ როცა წავიდა, არ წაუღია ხუთი ნომერი და არც პარტიის სახელი, იგივე ხდება ახლაც

„გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „გირჩი“ თავისი საქმიანობის ახალ ეტაპზე გადადის. მისივე შეფასებით, პარტია არ არის ერთი ადამიანი და მათი სისტემის მთავარი შინაარსი სწორედ ის იყო, რომ ერთ ადამიანს არ ჰქონოდა გადაწყვეტილებაზე მონოპოლიური გავლენა.

მეგრელიშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძესთან დიდი ხანია, კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ბატონ ზურაბთან არ მქონია კომუნიკაცია, არც იმედი არ მაქვს, რომ მომავალში მექნება. „გირჩი“ ჩვეულებრივად, თავისი საქმიანობის განსხვავებულ ეტაპზე გადადის, ბევრად უფრო გასაგები უნდა იყოს „გირჩის“ საქმიანობა, განსაკუთრებით იმ კრიზისის და ეჭვების შემდეგ, რომელმაც ასე გვაზარალა. შესაბამისად, ბევრი მუშაობაა საჭირო, რათა, როგორც მინიმუმ, ჯერ აღადგინო ის მდგომარეობა, როგორც ვიყავით და შემდეგ უკვე იზრუნო ახალ განვითარებაზე. ლიდერებს შორის შეთანხმებული იყო, რომ უნდა დაწყებულიყო პარტიაში შემდგომი ცვლილებები. როგორც კი დაიწყო არჩევნები, ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები, ჩვენი პორტალი მუდმივად ვითარდება. პარტია არ არის ერთი ადამიანი, ჩვენი სისტემის მთავარი შინაარსი გახლდათ ის, რომ ჩვენს პარტიაში ერთ ადამიანს არ ჰქონოდა გადაწყვეტილებაზე მონოპოლიური გავლენა.

ამიტომ იყო ათასობით მხარდამჭერი. ჩვენ დავიწყეთ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა, რათა სისტემაში წესრიგი დამყარებულიყო. რასაც ჩვენ გარეთ ვლაპარაკობთ, ანუ, გვინდა, რომ ქვეყანაში მოხდეს, დაახლოებით იმ მორალით ვაშენებთ ჩვენ ჩვენს სისტემას. ეტყობა, წინაღობა ნახა იმ ხალხმა, ვისაც ეს სისტემა არ მოსწონდა. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ის აპირებს განსხვავებული პარტიის შექმნას, განსხვავებულ მორალზე და განსხვავებულ იდეებზე. ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, წავა, უფრო სწორად, ის წავიდა. ეს მომხდარი ფაქტია. უბრალოდ, სუფთა ინტელექტის პატივისცემით, მინიმუმ მოვითხოვ, გავიგო, როგორ წარმოუდგენია ზურას პრაქტიკულად იმ მოთხოვნის აღსრულება, რასაც ითხოვს, ვგულისხმობ -„გირჩი“ ჩემია. რას ნიშნავს „გირჩი“ ჩემია? ზურა მაგ კითხვას ვერ გაექცევა ვერასდროს თავის ცხოვრებაში. როდესაც ზურაბ ჯაფარიძე წავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მას არ წაუღია არც ხუთი ნომერი და არც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელი, ზუსტად იგივე ხდება ახლაც“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილი ამბობს, რომ ჯაფარიძესთან თებერვლის შემდეგ არ ჰქონია კომუნიკაცია და მანამდეც კომუნიკაციის ხარისხი მაინც და მაინც კარგი არ იყო.

„ჩვენ დიდი ხანია, არ გვქონია კომუნიკაცია, დაახლოებით, თებერვლიდან და მანამდეც, ჩვენი კომუნიკაციის ხარისხი არ იყო მაინც და მაინც კარგი. შიგნით ყველამ იცოდა ეს ამბავი, უბრალოდ, რაც ახლა პოლიტიკური ზიანი მივიღეთ, მე ვაღიარებ ჩვენს დანაშაულს, რომ ამ პრაგმატული მოსაზრებით, სამი წლის განმავლობაში არ ვამბობდი იმას, რასაც ვფიქრობდი“, – განაცხდა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილმა უპასუხა კითხვას, დაესწრებიან თუ არა და რა შემადგენლობით ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას.

„თუ პარლამენტი შედგა, იმ შემთხვევაში იქ იაგო, სანდრო და მე ნამდვილად ვიქნებით. ზურას ამბავი ფიზიკურად არ ვიცი. თუ შეთანხმება შედგა, რასაც უბრალოდ ველოდებით, ფიზიკურად არ ვიცი, იქ რა ხდება, გავერკვევით ყველანი და ხვალიდან უკვე დავიწყებთ მედიასთან ურთიერთობას. ფიზიკურად არ ვიცი ჯერ შეხვედრის დეტალები. არ ვიცი, ზურა ჯაფარიძე მივა თუ არა ამ  შეხვედრაზე, არის, თუ არ არის. ამის მერე შეხვედრაზე წავალ მე, ხოლო მანამდე კოლეგებს ვთხოვე, რომ ამ შეხვედრის დეტალებზე საქმის კურსში მე ჩამაყენონ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.

ამასთან, მოგვიანებით ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და სანდრო რაქვიაშვილს ცივილიზებული ფორმით დაშორება შესთავაზა, პასუხად კი, მიიღო რჩევა, „დაოკებულიყო“. ამასთან ჯაფარიძემ საკუთარ მხარდამჭერებს შესთავაზა, გამოკითხვის საშუალებით გადაწყვიტონ, ვის დარჩება სახელი „გირჩი“ და პარტიის „ფეისბუქის“ გვერდი.