ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიციასთან რომ ზოგადად შეთანხმებული და ლოგიკური პოზიციით გვევლო, შედეგს აქამდე მივაღწევდით
„გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რომ სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებულიყო, ახლა პარლამენტში „ქართული ოცნება“ 76 დეპუტატით იქნებოდა წარმოდგენილი.
ამასთან, მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებული და ლოგიკური პოზიციით რომ ევლოთ, შედეგს აქამდეც მიაღწევდნენ. მეგრელიშვილის თქმით, ერთადერთი საშუალება, რომ არჩევნების პროცესს ნდობა დაუბრუნდეს, ისეთი ტქენოლოგიების გამოყენებაა, რაც ამ პროცესს მაქსიმალურად საჯაროს გახდის.
„არჩილ თალაკვაძეს არ ვეთანხმები და განსხვავებული კუთხიდან შემიძლია, ეს დაგანახოთ. თუნდაც ის პროპორციული ნაწილი, თუნდაც ის ისტორია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებამდე მიგვიყვანა. რვა მარტის შეთანხმებიდან, როდესაც ჩვენ მაჟორიტარები დავიტოვეთ და არ ჩავატარეთ სრულიად პროპორციული არჩევნები. როდესაც ბატონი არჩილი ხუთპროცენტიან ბარიერზე გესაუბრებოდათ, მოდით, წარმოვიდგინოთ სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლა „ქართული ოცნება„ პარლამენტში 76 დეპუტატით იქნებოდა წარმოდგენილი. ისიც იმის ხარჯზე, რომ ვიღაცები ბუნებრივ ბარიერსაც კი ვერ გადალახავდნენ და ის ცოტას დაიმატებდა.
ახლაც სამართლიანი არჩევნების პირობებში, გაყალბებას არ ვგულისხმობ, მხოლოდ სისტემა რომ ყოფილიყო განსხვავებული, თუნდაც ერთპროცენტიანი ბარიერით, პარლამენტში „ქართული ოცნების“ არა 90 დეპუტატი, არამედ 76 იქნებოდა. ამ თემაზე წერია იმ შეთანხმებაში, რომელიც „გირჩს“ აინტერესებს და რომელიც „გირჩისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია. არ წარმომიდგენია არც ერთი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში, რომელიც საჯაროდ გამოვა და იტყვის რომ ეს პუნქტი, უბარიერო, სრულიად პროპორციული არჩევნები დღეიდან, როგორც რიგგარეშე, ასევე მორიგი არის იმხელა ღირებულება, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ. იმისათვის, რომ „გირჩს“ რამე პოზიცია ჰქონდეს, მას უნდა გააჩნდეს შეთანხმებული საკუთარი პოზიცია საკუთარ პარტნიორებთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოპოზიციას ვგულისხმობ. ოპოზიციასთან რომ ზოგადად შეთანხმებული და ლოგიკური პოზიციით გვევლო, შედეგს აქამდე მივაღწევდით.
ცესკო-ს მნიშვნელობა შეუძლებელია, გადავაფასოთ. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში სადაც სასამართლო არ გვაქვს და პატიოსნება საერთოდ არ ფასობს, ყველას შეუძლია გაყალბებაში მონაწილეობა. ერთადერთი საშუალება, რომ არჩევნების პროცესს ნდობა დავუბრუნოთ, არის ისეთი ტქენოლოგიების გამოყენება, რაც ამ პროცესს მაქსიმალურად საჯაროს გახდის. ოპოზიცია ამაში ერთიანია, ხელისუფლება გვეთანხმება. სინამდვილეში, ამას ოპოზიციის მონაწილეობა არ სჭირდება. ის მხოლოდ პოლიტიკური ნების დონეზეა. „ქართულ ოცნებას“ ამისთვის პარლამენტში ხმები ჰყოფნის. მოლაპარაკების საკითხი კი არ არის, შეთანხმების საკითხია. უნდა ვნერვიულობდეთ, რომ ჩვენ 31 ოქტომბერს უსამართლოდ მოვექეცით, ყველაზე მეტად ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც ამ პარლამენტში ბუნებრივი ბარიერი გადალახა და ჩვენ მას დავუწესეთ ხელოვნური ბარიერი, ერთი პროცენტი, რომელიც ვითომ უმნიშვნელოა და ამ ხელოვნურმა ერთმა პროცენტმა ქალბატონი ნინო ბურჯანაძე დატოვა პარლამენტის წევრის მანდატის გარეშე. რვა მარტის შეთანხმების დროს „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად პოლიტიკური თამაშისთვის დაიტოვა 30 მაჟორიტარი დეპუტატი, რომლის გამოც დღეს მას განსაკუთრებული უპირატესობა აქვს.
ჩვენ ხომ გვინდა, რომ ხელისუფლება ერთი ადამიანის კონტროლის ქვეშ არ იყოს და საბოლოო ჯამში, ძალაუფლება დივერსიფიცირდეს. თუ ეს გვინდა, ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური წამალია პროპორციული უბარიერო სისტემა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.