ვახტანგ მეგრელიშვილი - ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კოალიციის შესაქმნელად თუ საჭირო გავხდებით, ჩვენი პირობები გვაქვს, ამ პირობებით ნებისმიერთან ვითანამშრომლებთ
ვახტანგ მეგრელიშვილი - ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კოალიციის შესაქმნელად თუ საჭირო გავხდებით, ჩვენი პირობები გვაქვს, ამ პირობებით ნებისმიერთან ვითანამშრომლებთ

სალომე ზურაბიშვილის განცხადება დღევანდელ სიტუაციაში უცნაურად გამოიყურება, თორემ, ბუნებრივია, პოლიტიკოსებმა უნდა შეძლონ თანამშრომლობა და ამის გამოხატულებაა კოალიციური მთავრობა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის განმარტებით, პრეზიდენტის მხრიდან სწორი განცხადება გაკეთდა, თუმცა დღეს, როდესაც დაძაბულობის პიკია, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი გაუგებარია.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება დღევანდელ სიტუაციაში უბრალოდ უცნაურად გამოიყურება, თორემ, ბუნებრივია, ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ქართული პოლიტიკა უნდა წავიდეს ლაპარაკისკენ. პოლიტიკოსებმა უნდა შეძლონ თანამშრომლობა და ამის გამოხატულებაა კოალიციური მთავრობა. ბუნებრივია, პრეზიდენტის განცხადება სწორია, უბრალოდ დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ფაქტობრივად არის დაძაბულობის პიკი, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი გაუგებარია, სამწუხაროდ, არანაირი წინაპირობა ამისთვის არ არსებობს, თორე მართალია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, „განიხილავთ თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას?“, – მეგრელიშვილი პასუხობს, რომ პირობებს გააჩნია.

„ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ მზად ვიყავით, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან გვეთანმშრომლა, მაგრამ რაც დავაკვირდით, ამ პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთთან თანამშრომლობა არ წარმოუდგენიათ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ საჭირო გავხდებით ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კოალიცოოს შესაქმნელად, ჩვენ ჩვენი პირობები გვაქვს და ამ პირობებით ნებისმიერთან ვითანამშრომლებთ“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მთავრობის შესახებ ფრანგულ გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ ინტერვიუში ისაუბრა. „ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, თუმცა, რთულია იმის დანახვა, როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.