ვახტანგ მეგრელიშვილი - ნებისმიერი აქცია, რომელიც შეიძლება ჩატარდეს, სახელმწიფოს მიერ დაცული უნდა იყოს ძალადობისგან
ვახტანგ მეგრელიშვილი - ნებისმიერი აქცია, რომელიც შეიძლება ჩატარდეს, სახელმწიფოს მიერ დაცული უნდა იყოს ძალადობისგან

სახელმწიფოს თუ შეუძლია უმცირესებობების დაცვა, ის თავის ფუნქციას ასრულებს, თუ ამის შესრულება არ შეუძლია, ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს, ამ ქვეყანაში თავისუფლად, ძალადობისგან დაცულად გრძნობდეს თავს.

„იცით, როგორია „გირჩის“ პოზიცია ძალადობასთან დაკავშირებით. ერთადერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ძალადობა. ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად, ძალადობისგან დაცულად გრძნობდეს თავს, მაგრამ ფაქტია, რომ 2013 წელს პირველად მოხდა დაპირისპირება ამ ჯგუფებს შორის, ასეთი კონფლიქტი ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ არსებობს. ამ კონფლიქტის გამოყენება პოლიტიკური მიზნით არის ალბათ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ზოგადად გავაკეთოთ. ახლა რაც ეტყობა და რა სიტუაციაც არის, ამ მხარეებს, როგორც ლგბტ თემს, რომელთაც პოლიტიკოსების ნაწილი უჭერს მხარს და საზოგადოების მეორე ნაწილს, რომელიც ეწინააღმდეგება ამ აქციას, როგორც ჩანს ხელისუფლება უჭერს მხარს. ჩემი აზრით, მთავარი ამბავი არის, რომ ნებისმიერი აქცია, რომელიც შეიძლება, ქვეყანაში ჩატარდეს, სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული ძალადობისგან, სხვა ფუნქცია ამ ქვეყანაში სახელმწიფოს არ აქვს, რაც არ უნდა მიუღებელი ადამიანები გამოდიოდნენ ქუჩაში და რაც არ უნდა მიუღებელ რამეებს ამბობდნენ, რადგან სიტყვის თავისუფლება ზოგადად არ არის სადღეგრძელოების დასაცავად. სადღეგძელოებს დაცვა არ სჭირდება. სადღეგრძელოების მთქმელ ადამიანებს ტაშს უკრავენ. იმ ადამიანებს აქვთ საფრთხის განცდა, ვინც ისეთ რამეს ამბობენ, რაც უმრავლესობას, არამარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ საზოგადოებაში არ მოსწონს.

ჩვენი პოზიციაა, რომ თუ სახელმწიფოს შეუძლია უმცირესებობების დაცვა, ის თავის ფუნქციას ასრულებს, თუ ამის შესრულება არ შეუძლია, ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, იმის მიუხედავად, უმცირესობის მხარეს რომელი პოლიტიკური ძალები აღმოჩნდებიან და ვინ შეეცდება ამ აქციის საკუთარი პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.