ვახტანგ მეგრელიშვილი - ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე ჩვენს შეკითხვებზე ეპასუხათ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრის დატოვების მიზეზი იყო ის, რომ შეკითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „გირჩის“ წევრებმა შეხვედრა დაწყებიდან ძალიან მალე დატოვეს.
„ძალიან მალე დავტოვეთ შეხვედრა. მიზეზი იყო ის, რომ დავსვით შეკითხვები და პასუხები ვერ მივიღეთ. გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს, ნაცვლად იმისა, რომ შეკითხვებზე ეპასუხათ. სინამდვილეში, რასაც გავაკეთებთ, გავაკეთებთ იმას, რომ შევეცდებით, დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მელიასთან დაკავშირებული სიტუაცია. თუკი ის განვითარდა ისეთი სცენარით, როგორსაც ვვარაუდობთ, რომ განვითარდება, მოგვიწევს, ორივე მხარეს მაქსიმალურად გავემიჯნოთ – როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. ჩემი ვარაუდია, რომ პასუხები არ ჰქონდათ, მაგრამ რას გაიგებ, შეიძლება ჰქონდათ და არ გვითხრეს. ბოიკოტი გამოგვიცხადა „გირჩს“ სრულიად ოპოზიციურმა გაერთიანებამ. იმიტომ ფიქრობენ ჩვენზე, რომ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ, რომ სიტყვა-სიტყვით არ ვიმეორებთ წინასწარ შეთანხმებულ მესიჯბოქსებს. როგორც კი აზრს დაატან და განსხვავებული ფორმით იტყვი, შენ მიმართ ჩნდება ეჭვი. ეს რა უცნაური სამყაროა, კაცო. მელიას დაჭერა გვინდოდა და იმიტომ მოვედით აქ, რა სიგიჟეა ეს. იმიტომ, რომ სხვა სიტყვები დავამატეთ, რომელშიც ჩვენი აზრით, მთელი ქვეყნის რისკია ჩადებული, არა უბრალოდ მელიას საკითხია გულმხურვალე ემოციებითა და სადღეგრძელოებით, არამედ რისკ-ფაქტორები, რომელიც შეიძლება, მთელ ქვეყანას დაემუქროს. როგორ შეიძლება ამაზე სერიოზულად არ მსჯელობდე? ორი მხარე – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ჩხუბი ამ ქვეყანაში იყოს მთავარი ამბავი. აგერ თავმჯდომარეა გამზადებული, ახალგაზრდა პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ, ყველას შეგვეცოდება და საერთოდ ვეღარაფერს გავაკეთებთ, ვეღარავის დაველაპარაკებით“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
„გირჩის“ ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.