ვახტანგ მეგრელიშვილი - მოლოდინია, რომ დღეს კიდევ ერთხელ ჩავარდება კანდიდატურები და შემდეგ ჯერზე, 6 თვით დანიშნავს უმრავლესობა ცესკო-ს თავმჯდომარეს
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, თვითონ დანიშნოს თავისი ცესკო-ს თავმჯდომარე, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ დღეს კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ ჩავარდება კანდიდატურები.
„სავარაუდოდ თავიდანვე ასე ჰქონდა გადაწყვეტილი, რადგან ოპოზიციასთან საერთოდ არ უწარმოებია არანაირი შეთანხმების პროცედურა. შეთანხმების მცდელობაც არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ დღეს კიდევ ერთხელ ჩავარდება კანდიდატურები და უკვე შემდეგ ჯერზე, 6 თვით დანიშნავს უმრავლესობა ცესკო-ს თავმჯდომარეს. ასეთი მოლოდინია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს.
საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები ორჯერ ჩავარდა.
საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, კანდიდატებს კიდევ ერთხელ უყრიან კენჭს და ამჯერად უკვე 100-ის ნაცვლად 90 ხმაც საკმარისი იქნება. თუ ეს რაოდენობა ვერც მესამე მცდელობის დროს შეგროვდება, მაშინ ცესკო-ს თავმჯდომარეს უმრავლესობით, ანუ 76 ხმით, მაგრამ ხუთი წლის ნაცვლად ექვსი თვით დაამტკიცებენ.