ვახტანგ მეგრელიშვილი - მიშელის დოკუმენტში სასამართლოს შესახებ პუნქტი შევიდა ფასილიტატორების ინიციატივით, ეს ნამდვილად არ ყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა
ვახტანგ მეგრელიშვილი - მიშელის დოკუმენტში სასამართლოს შესახებ პუნქტი შევიდა ფასილიტატორების ინიციატივით, ეს ნამდვილად არ ყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა

„გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტში სასამართლო რეფორმის შესახებ პუნქტი ფასილიტატორი ელჩების ინიციატივით შევიდა და ეს არ ყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა.

მისივე თქმით, დღეს რეალობა არის ის, რომ დოკუმენტის შინაარს ყველა თავისებურად კითხულობს და განმარტავს.

„ხელშეკრულების დადება ბევრად მარტივია, ვიდრე მისი შესრულება, მით უმეტეს იმ მრავალწლიანი დაპირისპირების და პოლარიზაციის ფონზე, რომლის შედეგების აღმოფხვრა არის ამ შეთანხმების მთავარი არსი. ჩვენ ყველამ ეს გზა უნდა გავიაროთ, რომ რაღაც თვალსაზრისით მივიღოთ სტაბილური სიტუაცია, ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, რომლის მიმართაც არ იქნება ისეთი ეჭვები, რომელიც 2020 წელს იყო, დავასრულოთ ის პერიოდი, როცა არჩევნების მიმართ იყო ტოტალური უნდობლობა. მე გამიჭირდება იმის თქმა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო, ყველა შემთხვევაში აუცილებლად ყველაფერი უნდა იყოს შეთანხმებით დასრულებული, ყველაფერს ვერ მოაწერ ადამიანი ხელს. მაგალითად, იგივე სიტუაციაში ვართ მოსამართლეებთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში როგორი სიტუაციაა, ჩვენი ფასილიტატორები, ელჩები, ვისი ინიციატივითაც შევიდა დოკუმენტში პუნქტები, მათ შორის სასამართლოს შესახებ, ეს ნამდვილად არ ყოფილა ოპოზიციის სურვილი ან მოთხოვნა… ფაქტობრივად „ქართული ოცნება“ მას როგორც განმარტავს, ჩვენ მას ასე არ აღვიქვამთ. რეალურად რა მოხდა იცით, როგორც სახარებას სხვადასხვა კონფესია სხვადასხვაგვარად განმარტავს და ამის გამო ხდება ხოლმე სქიზმა და იყოფიან, ასე დაემართა შარლ მიშელის დოკუმენტს. მაგალითად, „ქართული ოცნება“ რაღაცაში მიიჩნევს, რომ ის კითხულობს განსაკუთრებით სწორად, მაშინ, როდესაც იგივე ფასილიტატორები, ვისი ინიციატივითაც იქ რაღაც პუნქტები გაჩნდა, მიიჩნევენ, რომ ეს ასე არ არის. „ლელოს“ შემთხვევაში, როდესაც ის არ უჭერს მხარს საარჩევნო კოდექსს, მე განსხვავებულ აზრზე ვარ. ანუ, სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვა სიტუაცია გვაქვს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „იმედის ეთერში.