ვახტანგ მეგრელიშვილი - მაღალი საარჩევნო ბარიერი ყველას უბიძგებს, შეგროვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ქართული ოცნების“ გარშემო
ვახტანგ მეგრელიშვილი - მაღალი საარჩევნო ბარიერი ყველას უბიძგებს, შეგროვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ქართული ოცნების“ გარშემო

მონაწილეობას მივიღებთ ნებისმიერ განხილვაში, რომელიც შეეხება იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებს დამოუკიდებლად შეეძლოთ პარლამენტში შემოსვლა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში.

„შარლ მიშელის შეთანხმებიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლებლობა და ისეთ მომენტში გამოვიდა „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებიდან, რომ ფაქტობრივად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დარჩა შუა გზაზე. ის ინიცირებულია. ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, დღესაც ასე მიგვაჩნია და მივიღებთ მონაწილეობას ნებისმიერ განხილვაში, ნებისმიერ დისკუსიაში, რომელიც შეეხება იმას, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოთ პარლამენტში შემოსვლა და ამის წინაპირობაა ზუსტად ის ორპროცენტიანი შეთანხმება, რომელიც შარლ მიშელის ფარგლებში დაიდო. მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ გამოვიდა შეთანხმებიდან, რომ ის ასეთივე ენთუზიაზმით გააგრძელებს თანამშრომლობას ოპოზიციასთან, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომლებიც დიდ პარტიებს დიდად არ აწყობთ და ეს არის აქ მთავარი ამბავი. მე, მაგალითად, მიხარია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი მხრივ გააკეთა განცხადება, რომ მისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ დარჩა პარლამენტში. მაგრამ, რომ ვიცი ამ ორი პარტიის ერთმანეთთან დაპირისპირება, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ჯინაზე რაიმე მოიფიქროს, რასაც მე ნამდვილად არ მივესალმებოდი და მინდა, საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე მივიდეს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, დიდ პარტიებს ხელს არ აძლევთ დაბალი ბარიერი, რადგან ეს ფაქტობრივად ნიშნავს პოლიტიკოსების მეტ დამოუკიდებლობას.

„მაღალი ბარიერი ყველას უბიძგებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ქართული ოცნების“ გარშემო შეგროვდნენ. დაბალი ბარიერი, მათ შორის ამ პარტიებში მყოფ პოლიტიკოსებს აძლევს საშუალებას, ისეთი მორჩილები არ იყვნენ პარტიისა და ლიდერის, როგორც ხუთპროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში იქნებოდა“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.