ვახტანგ მეგრელიშვილი - კვირას ჩვენი „სამეფოს“ ჯგუფში განვიხილავთ „გირჩის“ გადაწყვეტილებას, ორშაბათს სრულად გეცოდინებათ ამ გადაწყვეტილების შესახებ
ვახტანგ მეგრელიშვილი - კვირას ჩვენი „სამეფოს“ ჯგუფში განვიხილავთ „გირჩის“ გადაწყვეტილებას, ორშაბათს სრულად გეცოდინებათ ამ გადაწყვეტილების შესახებ

იქნება ეს ვაშაძე თუ „ქართული ოცნება“, სინამდვილეში გულწრფელი პოზიცია არც ერთი პარტიიდან არ ისმის, არ ვიცი, აქვს თუ არა პერსპექტივა მოლაპარაკებებს ასეთ პირობებში, თუმცა კრიზისის განმუხტვისთვის ერთადერთი შესაძლებლობა, მოლაპარაკებაა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, როგორი კომპრომისისთვის არიან დღეს მზად მხარეები.

„დიდი მოლოდინით ველი ნებისმიერ სიახლეს, თუმცა ჩემთვის არაფერი ცნობილი არ არის საჯარო სივრცეში ისეთი, რომელიც მეტყოდა, რომ რომელიმე მხარემ თავისი პოზიცია შეცვალა, არათუ შეცვალა პოზიცია, არამედ, სინამდვილეში მართლა რა უნდა და კონკრეტულად რას მოელის და რის საფასურად შეცვლიდა იმ პოზიციას, რომელიც ხუთი თვე ჰქონდა. იქნება ეს ვაშაძე თუ „ქართული ოცნება“, სინამდვილეში გულწრფელი პოზიცია არც ერთი პარტიიდან არ ისმის, აქედან გამომდინარე, არ ვიცი, აქვს თუ არა პერსპექტივა მოლაპარაკებებს ასეთ პირობებში, თუმცა კრიზისის განმუხტვისთვის ცხადია, ერთადერთი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებაა. ის ხუთი პუნქტი ხომ სხვადასხვა ფორმატში ჩვენთან დანიელსონის მიერ რამდენჯერმე გვქონდა წარმოდგენილი, გვქონდა ბოლო ვერსიაც, რომელიც იყო კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ასევე იქნა დაწუნებული ორივე მხარის მიერ და მართლა არ ვიცი, ეს მხარეები როგორი კომპრომისისთვის არიან დღეს მზად, განსხვავებით ორი კვირის წინანდელი მოლაპარაკებისგან“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილი ამბობს, რომ არ იცის, რა უნდა შეიცვალოს დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში ისეთი, რომელიც ორივე მხარეს გახდის მზად, რომ მოაწეროს ხელი.

„თუ „ქართული ოცნება“ იმავე პირობებს დათანხმდება, რაც დანიელსონის დოკუმენტში იყო, ჩვენ რა თქმა უნდა, მოვაწერთ. იქ იყო მოცემულობა, რომელიც მაინტერესებდა, ბარიერი 0-დან 2 პროცენტამდე 2028 წლის ჩათვლით, რაც საშუალებას გვაძლევდა პოლიტიკური დეცენტრალიზაციის რვა წლის განმავლობაში. ასევე მნიშვნელოვანი იყო პოლიტპატიმრების საკითხის შეთანხმება და „ქართული ოცნების“ მხრიდან ამის დათმობა და ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების დათმობა, ეს იყო კომპრომისული ვერსია მაგიდაზე და ეს შეთანხმება მე ყველაზე რეალისტური მგონია. არ ვიცი, რა უნდა შეიცვალოს ამ შეთანხმებაში ისეთი, რომელიც ორივე მხარეს გახდის მზად, რომ მოაწეროს ხელი.

იქ რომ მოეწერა „ქართულ ოცნებას“ ელჩების თანდასწრებით და ჩვენ ეს დაპირება მიგვეღო, ვფიქრობ, რომ „გირჩის“ გარდა სხვა პარტიებიც დათანხმდებოდნენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებებს, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, კომუნიკაცია იყო და „გირჩი“ თავის გადაწყვეტილებას კვირას, მხარდამჭერებთან ონლაინშეკრებაზე გაახმაურებს.

„კი, იყო ყველაფერი. კვირას ჩვენი „სამეფოს“ ჯგუფში ვაანონსებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, განვიხილავთ და ორშაბათს უკვე თქვენ სრულად გეცოდინებათ „გირჩის“ გადაწყვეტილების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩვენს ამ სიტუაციაში არჩეულ გზას ეხება და ეს გზა როგორია, არ მინდა, წინასწარ გითხრათ. თქვენ გაიგებთ ამას კვირას, 21:00 საათზე. „ქართულ ოცნებასთან“ გვქონდა ურთიერთობა, ვაცნობეთ ჩვენი გეგმის შესახებ, ანუ მათ იციან.  იციან ჩვენი წარმოდგენის შესახებ, მათ ყოველთვის იცოდნენ, ჩვენ ხომ ვერასდროს ვერ ვთანხმდებოდით, როდესაც გვქონდა ერთი-ერთზე მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, მივხვდით, რომ ვერ ვთანხმდებით, შესაბამისად, „გირჩს“ მოუწევს დამოუკიდებელად რაღაც გზის არჩევა. ორი დღე უნდა დაელოდოთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.