ვახტანგ მეგრელიშვილი - იყო 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის იდეა, რითაც გადაწყდებოდა მელიას საქმეც, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამით ბედნიერი არავინ დარჩა
ვახტანგ მეგრელიშვილი - იყო 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის იდეა, რითაც გადაწყდებოდა მელიას საქმეც, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამით ბედნიერი არავინ დარჩა

პროცესი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დღეების განმავლობაში უამრავი შეხვედრა და ვერსია იყო წარმოდგენილი შეთანხმების პუნქტების. საუბარი იყო უამრავ თემაზე. იქ იყო 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის იდეა. ანუ ვინც მონაწილეობდა და თუ რამე უკავშირდებოდა 20 ივნისს, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხარეს, დაგვემთავრებინა და ამით გადაწყდებოდა ნიკა მელიას საქმეც, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„პროცესი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დღეების განმავლობაში უამრავი შეხვედრა და ვერსია იყო წარმოდგენილი შეთანხმების პუნქტების. საუბარი იყო უამრავ თემაზე. პოზიციების დაახლოების კუთხით პირიქით, პრობლემა იყო. თუ თავიდან მაგალითად, პირადად მე უფრო მომწონდა დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი, ბოლოს ის საერთოდ გაუგებარი გახდა. მაგალითად, ძალიან მომწონდა საერთო ეროვნული შერიგების იდეა. მიხეილ სააკაშვილმაც კი ახსენა ეს იდეა, საპატრიარქო ახსენებს, ჩვენი უცხოელი მეგობრებიც მოგვიწოდებენ. იქ იყო 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის იდეა. ანუ ვინც მონაწილეობდა და თუ რამე უკავშირდებოდა 20 ივნისს, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხარეს, დაგვემთავრებინა და ამით გადაწყდებოდა ნიკა მელიას საქმეც. ჩემი აზრით, ეს იყო ფასილიტატორების, ელჩების და დანიელსონის იდეა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „როგორი იყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის პასუხი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით“, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემა ისაა, რომ ამით არავინ ბედნიერი არ იყო.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბედნიერი არავინ იყო. ხომ უნდა მოგეწონოს და გინდოდეს, მოდი ასე გავაკეთო, იმსჯელო ტექნიკურ მხარეზე, როგორ ეხება, ვის შეეხება. როგორ წარვუდგენთ ამას საზოგადოებას, როგორ მივაწვდით. ეს საუბარი არ იყო“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიამ, რომლის ლიდერსაც პირდაპირ ეხებოდა ამნისტია, ხომ არ განავრცო ეს საკითხი, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ეს პუნქტი საერთოდ გაქრა.

„ნაციონალური მოძრაობა“ თუ ამ კონკრეტულ პუნქტს წარმოიდგენს და განიხილავს, როგორც ნიკა მელია გამოვგლიჯეთ სისტემას, „ქართული ოცნება“ ასეთ პოზიციაზე ხომ არ დაგთანხმდება. მგონი, ეს პუნქტი გაქრა, მეხსიერება თუ არ მღალატობს, რაღაც მომენტში ჩემთვის უცნობი მიზეზით, ეს პუნქტი გაქრა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.