ვახტანგ მეგრელიშვილი - ივანიშვილის გაცნობა არ დაგვცალდა და რადგანაც სააკაშვილი პოლიტიკაშია, იქნებ, გავიცნოთ
რადგანაც სააკაშვილი პოლიტიკაშია, იქნებ, გავიცნოთ, – ასეთ კომენტარს აკეთებს „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან საუბრის სურვილი აქვს.
მეგრელიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკშვილის გავლენების ანატომია აინტერესებს და ამ გავლენის შინაარსის გაგება უნდა.
„ქართულ პოლიტიკაში პრობლემაა პოლიტიკოსების ერთმანეთთან საუბარი. ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, უნდა იყვნენ ჩართული პროცესებში. როდესაც ჩვენ გვქონდა პრეტენზიები ბიძინა ივანიშვილთან, პრეტენზიები მდგომარეობდა იმაში, რომ მას ჰქონდა ძალაუფლება, თუმცა კომუნიკაცია საკუთრი გუნდის გარდა არავისთან ჰქონდა. ბიძინა ივანიშვილის გაცნობა არ დაგვცალდა, ანალოგიური მდგომარეობაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მიხეილ სააკაშვილი რადგან პოლიტიკაშია, იქნებ, გავიცნოთ, გავიგოთ მისი მოტივაცია. პრიორიტეტულია, გავიცნოთ „ქართული ოცნების“ ლიდერებიც, რადგან ისინი იქნებიან დღეს პოლიტიკურ ველზე.
მე მაინტერესებს მიხეილ სააკშვილის გავლენების ანატომია, ვერ ვხვდები, ეს რანაირად შეიძლება, ხდებოდეს. ჩვენ უბრალოდ, არ გვქონია მსგავსი გამოცდილება, მაგრამ რასაც ვაკვირდები, რაღაც მსგავსი შეძლება, მართლაც არსებობდეს და მინდა, გავიგო, რა არის ამ გავლენის შინაარსი.
ჩვენი საუბრის მიზანი უნდა იყოს ის, რომ დავარწმუნო მიხეილ სააკაშვილი, დღევანდელი რეალობისა და იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ჩვენ აქ ვცხოვრობთ, 150 დეპუტატია პარლამენტში საჭირო და ამაში ვთხოვო დახმარება, მისგან კი მოვისმინო საწინააღმდეგო არგუმენტები, სხვაგვარად, ის რატომ ფიქრობს, რომ ჯობია. ეს იქნება ჩვენი საუბრის მთავრი არსი და შინაარსი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.