ვახტანგ მეგრელიშვილი - იმედი მაქვს, პრემიერის გადადგომა ფუჭი პოლიტიკური ქმედება არ იყო
ვახტანგ მეგრელიშვილი - იმედი მაქვს, პრემიერის გადადგომა ფუჭი პოლიტიკური ქმედება არ იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ინტერესში ისევე არ შედიოდა მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, როგორც არ შედიოდა „ქართული ოცნების“ ინტერესებში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებდით საზოგადოებასაც, ამომრჩეველსაც და ყველას, რომ მივდივართ ძალიან მწვავე კრიზისისკენ და ეს კრიზისი ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა. საბედნიეროდ, დღეს გადავრჩით, რადგან დილას მქონდა განცდა, რომ ბევრად უარესი რაღაც შეიძლება, შეგვმთხვეოდა, მაგრამ ის, რომ „ოცნების“ მხრიდან ვერ მოვისმინეთ გულწრფელი ახსნა, რა ხდება მათ გუნდში და რას აპირებენ, ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებული, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედი გვაქვს, რომ ისევ ჩვენი მეგობრები, ელჩები ჩაერევიან და მთავარი ამოცანა იქნება მხარეებს შორის მშვიდობის დამყარება, ძალადობის აღკვეთა. დიდი იმედი მაქვს, მინიმუმ პრემიერ-მინისტრის გადადგომა ფუჭი პოლიტიკური ქმედება არ იყო. ამ ადამიანმა აიღო პასუხისმგებლობა და გადადგა, რათა თავიდან აერიდებინა ბევრად მნიშვნელოვანი უბედურება, ვიდრე პრემიერ-მინისტრის წასვლაა. კვლავ დაპირისპირებასთან ვიყავით კიდეზე და გადავრჩით. პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვხედავ. ამ ნიადაგის მომზადებაზე ხომ პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ის, რომ ქვეყანაში სასამართლო არ გვქონდა, სადაც მტყუან-მართალს გავარჩევდით და ერთი სანდო ორგანო არ გვაქვს, სადაც ერთმანეთს დაველაპარაკებოდით, ვისი ბრალი შეიძლება, იყოს, თუ არა ხელისუფლების. ხელისუფლებამ შექმნა მტრის ხატი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და ამას ებრძოდა ამდენი ხნის განმავლობაში. ბოლო პერიოდში, როცა მთელი ოპოზიცია შემოიკრიბა „ნაცმოძრაობის“ გარშემო, ხელისუფლება ყველას განიხილავდა, როგორც ნაციონალურ მოძრაობას და ჩვენ ერთადერთი პარტია დავრჩით, ვინც უარი განვაცხადეთ აგვერჩია მხარე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ორპოლუსიანი სისტემაა.

„ხელისუფლება სხვა თამაშს თამაშობდა. ვისაც ის თავის მხარეს გადაიყვანდა, ის გახდებოდა „ოცნების“ მხარე, ორპოლუსიანი სისტემა გვაქვს. ამას ქმნის ამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება ერთმანეთთან. ვიდრე ესენი ასეთ მწვავე დაპირისპირებაში არიან, ფაქტობრივად შეუძლებელია, სხვა პოლიტიკურმა ძალებმა დამოუკიდებელი თამაში ითამაშონ. ჩვენ შევეცადეთ, მიუხედავად ყველაფრისა, დავრჩენილიყავით ამ ჩხუბში ნეიტრალურები. ჩვენი პოზიციები ერთი ერთში ემთხვეოდა ელჩების პოზიციებს და დღესაც თუ რამე გვიშველის და გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან, არის ლაპარაკი“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, არ იცის, რა გეგმა ჰქონდა ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში.

„ჩვენ იქ მივედით ამ კითხვებით, რას ვაკეთებთ, რა გეგმა გვაქვს მაშინ, თუ ხელისუფლება თავზე ხელს აიღებს და ნიკა მელიას დაიჭერს. ამ კითხვაზე რომ გავჩერდეთ, ორ დღეში ამ უცნაური სკანდალიდან, ის მოხდა, რის საკითხავადაც იქ მივედით და შემთხვევით, დილით გახარია რომ არ გადამდგარიყო და იქ მისულიყო სპეცრაზმი, მართლა არ მაქვს წარმოდგენა, რა გეგმა ჰქონდათ, ახლაც არ ვიცი. მგონია ჩვეულებრივი კატასტროფა, რომლის შედეგებიც არ არის რაციონალური. არ ვიცი, რა მოხდებოდა, იქ თუ სპეცრაზმი მივიდოდა, ვიღაც გარდაიცვლებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რა მოლაპარაკებებზე იქნებოდა საუბარი, რა შერიგებაზე. სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდებოდით. ვინაიდან გაგვიმართლა და ასე არ მოხდა, იქნებ ეს კითხვები ისევ და ისევ დავსვათ, ნაცვლად სადღეგრძელოებისა. დრო ცოტა გვაქვს. კაცმა არ იცის, რას მოიფიქრებს „ქართული ოცნება“. გაგვიჩნდა შანსი, ახლა მაინც ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს უცხოელებისგან იმაში მაინც, რომ მოვილაპარაკოთ. იქ საუბარია ოთხ პუნქტზე და ოთხივე მნიშვნელოვანია. არამხოლოდ ვადამდელი არჩევნებია მნიშვნელოვანი, მაგრამ ვადამდელი არჩევნები იმ დანარჩენი პუნქტების გარეშე ისეთივე რისკებთანაა დაკავშირებული, როგორშიც ვიყავით 2020 წელს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა ორივე მხარემ ერთმანეთთან ლაპარაკი ისწავლოს.

„იმისთვის, რომ დავსხდეთ ერთ შენობაში, ერთ დარბაზში და დავიწყოთ რამეზე მსჯელობა, ჯერ ერთმანეთთან ლაპარაკის უნარი ხომ უნდა შევიძინოთ. „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი, რომელიც თავის კოლეგას უშვებს პარლამენტიდან პროკურატურის მოთხოვნით, იმ ხალხმა ამ საარჩევნო ცვლილებებზე ამ ხალხთან ერთად არ უნდა იმსჯელოს და ამ ხალხთან ერთად არ უნდა მიიღოს? როგორ აპირებს ამას? ვიდრე არ შეიცვლება მთავარი. ეს ხალხი აპირებს ომის გაგრძელებას თუ ომის დასრულებას, ან ზავის აღებას, როცა შეგვეძლება ყველა მოქალაქეს, რომ დავგეგმოთ და ვიცხოვროთ. თუ უნდა დავაკვირდეთ ამ ფრონტის ხაზს, რომელიც ჩვენს თვალწინ ვითარდება. უბრალოდ წარმოიდგინეთ სხვა გზა რა არის, ხალხი თქვენ უნდა შეარიგოთო? დაგვცინოდნენ „ფეისბუქზე“, დაგვცინოდნენ ჟურნალისტები, მაგრამ ჩვენ კი არა, ამის გარეშე შეუძლებელია. ხალხი ერთმანეთს ფიზიკურად არ ელაპარაკება და სანამ ეს სიტუაციაა და ამ ხალხს არ გადაუწყვეტია, რომ მოდი, ერთმანეთს დაველაპარაკოთ, რა შუაშია, რა პუნქტები ეწერება და რა ტექსტი იქნება შეთანხმების დოკუმენტში. ნებისმიერ რამეს დაარღვევ, ერთი პოლიტპატიმარი გყავს რურუა და გუშინ შეიძლებოდა, მეორე პოლიტიკური პატიმარი დაგვმატებოდა. ვიდრე ეს კონფლიქტი არ შეწყდება, უთვალავი პოლიტპატიმარი შეიძლება, დაგვემატოს. უნდა გინდოდეს რომ ეს პროცესი გააჩერო“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება არც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედიოდა და არც „ქართული ოცნების“.

​„ჩვენი ცხოვრება ბევრი დეტალისგან შედგება. მთავარ ამბავში „ნაციონალური მოძრაობა“ რომ წარმოვიდგინოთ, როგორც რაღაცნაირი პარტია, რომელსაც თავისი პოლიტიკური აჯენდა აქვს, მთავარი რა არის? ის არის, რომ ამ პარტიის ინტერესებში შედიოდა, რაღაცნაირად მშვიდობიანად დაესრულებინა მოლაპარაკება ხელისუფლებას. ჩემი აზრით, არ შედიოდა. მის პოლიტიკურ ინტერესში ისევე არ შედიოდა მოლაპარაკების დასრულება წარმატებით, როგორც არ შედიოდა „ქართული ოცნების“ ინტერესებში. თითოეული რა ნაბიჯს გადადგამდა იმისთვის, რომ ჩაეშალა მოლაპარაკების პროცესი. მეც დამიჭირეს 20 ივნისს, ციხეში ვიჯექი ღამე. მე, რომელიც იქაც არ ვყოფილვარ, სადაც ნიკა მელია იყო. მე ხომ ამ მოვლენების მონაწილე ვარ და ვიცი, რომ ეს აბსურდია, ეს პოლიტიკასთანაა დაკავშირებული და არა ნიკა მელიას მიერ ქვეყნის გადატრიალებასთან. ეს ყველამ იცის. ხელისუფლება ადეკვატურად უნდა მოიქცეს. კანონის აღსრულება არ უნდა მოხდეს, როცა სასამართლო არ გაგაჩნია, ვერ დაარწმუნე საზოგადოება, რომ სასამართლო გაგაჩნია, შენი კანონის აღსრულება მართლა კანონის აღსრულებაა და არა პოლიტიკური შურისძიება, ასეთ კრიზისში თავი უნდა შეიკავო თავგასული ქმედებისგან“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.